თეგებით ძიება

შეუძლებელია, საარჩევნო ადმინისტრაციამ შექმნას სამართლიანი საარჩევნო გარემო - თამარ კორძაია

“არც ცესკომ და არც საოლქო-საარჩევნო კომისიებმა არ გაითვალისწინეს ვენეციის კომისიისა და OSCE/ODIHR-ის დასკვნები და რეკომენდაციები, აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, საარჩევნო ადმინისტრაციამ შექმნას სამართლიანი საარჩევნო გარემო იმ პირობებში, როცა ქვედა დონის კომისიები კომპლექტდება გაუმჭვირვალე პროცედურებით”, -  განცხადება “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა თამარ კორძაიამ საუბნო-საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებაზე საუბრისას გააკეთა. 

tvpirveli.ge თამარ კორძაიას კომენტარს უცვლელად გთავაზობთ: 

აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, საარჩევნო ადმინისტრაციამ შექმნას სამართლიანი საარჩევნო გარემო იმ პირობებში, როცა ქვედა დონის კომისიები, რომლებიც პასუხისმგებლები არინ არჩევნების გამართვაზე, კომპლექტდება ისეთი გაუმჭვირვალე, არასამართლიანი პროცედურებით, რომელიც პოლიტიკური პარტიების, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკას იმსახურებს.

ეს პროცესი იმით დაიწყო, რომ ცესკომ საოლქო კომისიის დროებით წევრებად რამდენიმე დღის წინგაუმჭვირვალე პროცესით აირჩია ძირითადად ის პირები, რომლების უმრავლესობა არის საჯარო სამსახურებში ხელმძღვანელი თანამდებობის პირებსა და საკრებულოს წევრებთან ნათესაურ კავშირში მყოფი პირები, კონკრეტულად, 219 არჩეული პირიდან, მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსს წარმოადგენს 101, ხოლო ნეპოტისტური კავშირებით არჩეულს - 21 პირი. 

ამას გარდა, შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას ამ არჩევნებზეც ახალი არაფერი შემოუთავაზებია. კონკურსის გამოცხადების დროს სამართლებრივი აქტით არ განსაზღვრა მონაწილე კანდიდატების შერჩევის კონკრეტული კრიტერიუმები, რაც საშუალებას მისცემდა ყველას, ღია და გამჭვირვალე კონკურსის პირობებში, საჯარო პროცესში, გამოევლინა პროფესიული წევრები.

კონკურსის დასრულებიდან ერთ დღეში ყველა საოლქო კომისიაში დაინიშნა სხდომები, რამაც შეუძლებელი გახადა ოპოზიციული წევრების მხრიდან საკონკურსო დოკუმენტაციის შესწავლა იმ მინიმალური სტანდარტითაც კი, რის საშუალებასაც საოლქო კომისიები იძლეოდნენ;

კანდიდატებსა და შესაბამისად, არჩეულ კომისიის წევრებს შორის, მთელი საქართველოს მასშტაბით, არიან უმთავრესად საჯარო მოსამსახურეები, საჯარო მოხელეები, ქართული ოცნების აქტივისტები, თანამდებობის პირებისა და საოლქო კომისიების ხელმძღვანელი პირების ნათესავები, სკოლებისა და ბაღების თანამშრომლები. 

ყველა ჩართული მხარისთვის ნათელია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შეფასებისთვის მთავარი განმსაზღვრელი არის არა მხოლოდ საარჩევნო პროცედურების ცოდნა ან გამოცდილება, არამედ სწორედ მისი საქმიანობის დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, ნეიტრალურად წარმართვა, რაც სამწუხაროდ არცერთ არჩევნებზე არ მომხდარა და თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორ აირჩიეს წელს კონკრეტული პირები, გვაქვს მოლოდინი, რომ არც ამ არჩევნებზე მოხდება.  

და ბოლოს: პროცესის შეფასებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უმრავლეს შემთხვევებში, საარჩევნო ადმინისტრაციამ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევა ვერ შეძლო მაღალი ქვორუმით, რაც ნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიების ნდობა ამ კომისიის წევრებს არ აქვთ”, - განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა თამარ კორძაოამ საუბნო-საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა