ისტორიაში პირველად - არაპროფესიონალი ასტრონავტები ღია კოსმოსში გავიდნენ
მისია SpaceX-Polaris-ის ეკიპაჟის წევრები პირველი არაპროფესიონალი ასტრონავტები გახდნენ, რომლებიც ღია კოსმოსში გავიდნენ.
BBC-ს ცნობით, მილიარდერი ჯარედ აიზეკმანი ღია კოსმოსში რამდენიმე წუთით გავიდა, მას ხომალდ Crew Dragon-თან მიერთებული ტროსი იჭერდა. აიზეკმანის შემდეგ კოსმოსში SpaceX-ის ინჟინერი სარა ჯილისი გავიდა. ყველა მანევრი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
„სახლში ყველა ჩვენგანს ბევრი საქმე გვაქვს, მაგრამ აქედან დედამიწა მართლაც გამოიყურება, როგორც იდეალური სამყარო“, - განაცხადა 41 წლის აიზეკმანმა.
ეკიპაჟის დანარჩენი ორი წევრი - ყოფილი ამერიკელი სამხედრო სკოტ პოტიტი და კომპანიის კიდევ ერთი ინჟინერი ანა მენონი Crew Dragon-ის ბორტზე რჩებოდნენ.
უცნობია რა დაუჯდა აიზეკმანს ეს უნიკალური ფრენა. მანამდე, Crew Dragon-ის მისიაში მონაწილეობა კოსმოსში გასვლის გარეშე დაახლოებით 55 მილიონი დოლარი ღირდა.