ჩემი თხოვნაა, არ გააჩეროთ ავტომანქანები ე.წ. ზებრა გადასასვლელებზე, ტროტუარებზე, ავტობუსების გაჩერებებზე, შშმ პირების სადგომებზე - მერი
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ გაჩერებებზე კერძო ავტომანქანების გაჩერება აკრძალულია, თუმცა, ამის მიუხედავად, მსგავსი ფაქტები ხშირია.
ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და მოქალაქეებს მოუწოდა, არ გააჩერონ ავტომანქანები ისეთ ადგილებზე, სადაც მათი დგომა აკრძალულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი შესაბამის ზომებს მიიღებს და სატრანსპორტო საშუალების ევაკუაცია განხორციელდება.
„სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში უდიდეს ყურადღებას ვუთმობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას და ნებისმიერი დიდი ინფრასტრუქტურული ცვლილების დროს, ქუჩებსა თუ გამზირებზე ვცდილობთ, დიზაინი მორგებული იყოს ფეხით მოსიარულეთა საჭიროებაზე, ეკო-მეგობრულ ტრანსპორტზე და საავტობუსო პრიორიტეტზე. ნებისმიერ ქალაქში, ისევე, როგორც თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ შედგება მხოლოდ ავტობუსებისგან. სწორედ ამიტომ, ავტოპარკის სრულად განახლების პარალელურად, მიმდინარეობს გადასაჯდომი კვანძების და დიდი სატრანსპორტო ნაკადების მიმღები ქუჩების დიზაინების იმგვარი ცვლილება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს არა მხოლოდ ყველაზე კომფორტული, არამედ უსაფრთხო და სწრაფი. ამ პროცესისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის დამხმარე ინფრასტრუქტურის გამართულობა და ხარისხი. თბილისის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე დადგენილია ავტობუსის 2 450 გაჩერება. თითოეული მათგანი გამოყოფილია შესაბამისი საგზაო ნიშნით და საგზაო მონიშვნით. 1 006 მათგანი უზრუნველყოფილია სხვადასხვა ზომის მოსაცდელით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისი თქმით, ავტობუსის გაჩერებებზე ავტომანქანის დაპარკინგება ხელს უშლის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მგზავრებს შეუფერხებლად გადაადგილებაში.
„მინდა, ყველას შევახსენო, რომ გაჩერების ტერიტორიაზე კერძო ავტომობილის გაჩერება აკრძალულია. აკრძალვა, გარდა უსაფრთხოების ელემენტარული საჭიროებისა, გამომდინარეობს ჩვენი ზემოხსენებული პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზნიდან - მგზავრების გადაადგილება გახდეს შეუფერხებელი და კომფორტული. ამრიგად, ყველას მინდა ვთხოვო, რომ ავტობუსის გაჩერებებზე ნუ გააჩერებთ კერძო ავტომობილებს.
ეს იწვევს პრობლემას საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის და მგზავრებისთვის. ძალიან ბევრია მსგავსი შემთხვევა, შემოდის უკმაყოფილო მოქალაქეების წერილები და ჩვენ ასეთი ავტომანქანების ევაკუირებას ვახდენთ. ჩემი თხოვნაა, რომ ე.წ. ზებრა გადასასვლელებზე, ტროტუარებზე, ავტობუსების გაჩერებებზე, ნუ გააჩერებთ კერძო ავტომობილებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა შშმ პირებისთვის გამოყოფილ სადგომებზეც, სადაც ასევე, სხვა ავტომანქანებს აპარკინგებენ. კახა კალაძემ აქვე, შშმ პირებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მათ თავიანთი სატრანსპორტო საშუალებებისთვის სპეციალური საცნობი ნიშნების აღება შეუძლიათ.
„ასევე, გვაქვს შემთხვევები, როდესაც შშმ პირთათვის გამოყოფილ შესაბამის სადგომებზე სხვა ავტომობილები დგანან. ესეც დიდ უკმაყოფილებას იწვევს. აქვე შეგახსენებთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გადაადგილების უზრუნველსაყოფად განკუთვნილი საცნობი ნიშნის მიღების მსურველებს შეუძლიათ, ელექტრონულად შეავსონ განაცხადი პორტალზე - ms.gov.ge, ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებით. შშმ პირის საცნობი ნიშნის გატანის ფორმად შეუძლიათ მონიშნონ მისამართზე მიტანის სერვისი, რის შემდეგაც მის მიერვე მითითებულ მისამართზე შეძლებს საცნობი ნიშნის მიღებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ შშმ პირთა გადაადგილების უზრუნველსაყოფად განკუთვნილი საცნობი ნიშნის მიღების მსურველი ელექტრონულ პორტალზე ირჩევს მუნიციპალიტეტს, შემდგომ კი - გრაფას „ონლაინ განცხადებები“, რომლის არჩევის შემდეგაც გამოუჩნდება „მიმართულებების“ ჩამონათვალი, რომელთაგან უნდა აირჩიოს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო.
აღნიშნულის შემდგომ, ჩამოთვლილი კატეგორიებიდან განმცხადებელი ირჩევს გრაფას - „შშმ პირის საცნობი ნიშანი”, შემდეგ გამოჩნდება „შშმ პირის საცნობი ნიშნის მიღება“, რომლის არჩევის შემდეგ გამოუჩნდება „ქმედებები“, რომელთაგან უნდა აირჩიოს სასურველი ქმედება. ერთ-ერთი ქმედების არჩევის შემდეგ კი, მოქალაქეს ექნება საშუალება, „მოთხოვნის ტექსტის“ ველის გამოყენებით მიმართოს სააგენტოს, მიუთითოს სავალდებულო რეკვიზიტები და ატვირთოს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა, რომელთა ჩამონათვალიც მოცემულია წარმოსადგენი დოკუმენტების ატვირთვის ველში.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ აპლიკაციაში სრულ ფუნქციონალზე წვდომისთვის ID ბარათით ავთენტიფიკაცია არის სავალდებულო.
ზემოაღნიშნული მონაცემების და დოკუმენტაციის ატვირთვის შემდეგ, იმ პირებს, რომელთაც არ აქვთ გადაადგილების საშუალება ან არ ჰყავთ შესაბამისი პირი, ვინც შეძლებს მათ წარმომადგენლობას, შშმ პირის საცნობი ნიშნის გატანის ფორმად შეუძლიათ მონიშნონ მისამართზე მიტანის სერვისი, რის შემდეგაც მის მიერვე მითითებულ მისამართზე შეძლებს საცნობი ნიშნის მიღებას.
იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი პარკირების ადგილის გამოყენების დროს სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე არ იქნება განთავსებული საცნობი ნიშანი, ვერ მოხდება იდენტიფიცირება, რომ უფლებამოსილი პირი იყენებს პარკირების სპეციალურ ადგილს. შესაბამისად, განხორციელდება მისი დაჯარიმება და ავტომობილის ევაკუაცია.