თეგებით ძიება

„ქალბატონ სალომეს ვურჩევ ნელ-ნელა დაიწყოს პირადი ნივთების ჩალაგება“ - ლადო ბოჟაძე

„თუ თქვენ მეტყვით, რა სიკეთე მოუტანა მან [მარგველაშვილმა] ქვეყანას, პრეზიდენტობის დროს, ძალიან გამიხარდება. ბუნებრივია, იგივე სიკეთეს მოუტანს ოპოზიციას და „ლელოსაც“, – ასე გამოეხმაურა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში „ქართული ოცნების“ წევრი, ლადო ბოჟაძე საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას შეუერთდეს კოალიციას „ძლიერი საქართველოსთვის“.

როგორც ლადო ბოჟაძემ გადაცემაში „დღის თემა“ აღნიშნა, მამუკა ხაზარაძის პარტიას საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნება.

„დაველოდოთ, ვნახოთ, როგორ ჩაერთვება მარგველაშვილი საარჩევნო კამპანიაში და რა იქნება მისი პოზიციები, მაგრამ „ლელოს“ იმ შეცდომებიდან გამომდინარე, რაც დაუშვეს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ანაკლიის პორტის არ აშენება, „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე დარჩენა და ამ პარტიის სატელიტობა, რა თქმა უნდა, შეუქმნის პრობლემებს საარჩევნო ბარიერის გადალახვაში“, – თქვა ლადო ბოჟაძემ.

ამასთან, „ქართული ოცნების“ წევრმა მოქმედ პრეზიდენტზეც ისაუბრა და სალომე ზურაბიშვილს კონკრეტული რჩევაც მისცა.

„რაც შეეხება მოქმედ პრეზიდენტს, რომელიც ასევე ღიად ერევა საარჩევნო კამპანიაში და ფაქტობრივად უკვე წარმოადგენს მხარეს და გამოდის მოწოდებებით, როგორც ჩანს, ვიღაც შეპირდა, რომ აუცილებლად იქნება კიდევ ერთი ვადით საქართველოს პრეზიდენტი. აქაც მინდა რჩევა მივცე ქალბატონ სალომეს, ნელ-ნელა დაიწყოს პირადი ნივთების ჩალაგება, იმიტომ რომ დეკემბერში საქართველოს სხვა უკვე ახალი პრეზიდენტი ეყოლება“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პარტიული საარჩევნო სიის 24-ე ნომრად წარდგენილმა, ლადო ბოჟაძემ „ფორტუნას“ ეთერში.

წყარო: fortuna.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა