ელოდებათ გაცილებით უარესი, ბაიდენთან მოწვევის გაუქმება დაავიწყდებათ, იმდენად მძიმე იქნება რეაქცია - არმაზ ახვლედიანი
“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წევრმა არმაზ ახვლედიანმა პალიტრანიუსის გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის შესახებ ისაუბრა.
აშშ-ის პოლიტიკა ყველა მეტ-ნაკლებად მეგობრული პარტნიორი სახელმწიფოს მიმართ არის ჩამოყალიბებული, ტრადიციული. შეერთებული შტატები ცდილობს, რომ არ გაამწვავოს ურთიერთობა, თუ მეორე მხარე უკიდურესად არ ამწვავებს ამ ურთიერთობას. ის, რასაც ახლა სჩადის ივანიშვილის პოლიციური რეჟიმი ვაშინგტონის მიმართ, არის საქართველოს თანამედროვე ისტორიისთვის უპრეცედენტო. პოსტ-საბჭოთა სივრცეს თუ გადავხედავთ, იქაც მსგავსი არაფერი გვახსენდება. პუტინისა და ლუკაშენკოს შემთხვევაშიც კი ამ სცენარით არ ვითარდებოდა პროცესი.
ივანიშვილს ისე გაუჭირდა და ისეთი ამოცანები დაუსახა მას კრემლმა, რომ იძულებული გახდა, საკუთარი თავისთვის ძალიან საზიანო ნაბიჯები გადაედგა. სხვა გზა არც დარჩა დასავლეთთან უკიდურესი დაპირისპირების გარდა.
ელჩის დაბარებით ივანიშვილმა კობახიძის პირით უთხრა ვაშინგტონს, რომ ის მზად არის, პრინციპულად გადახედოს ურთიერთობებს, წარმოიდგინეთ, ვის ემუქრება და რა პირობებში ემუქრება, ვინ აზიანებს ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს და როგორ ტოვებს საქართველოს დაუცველს, გარანტიების გარეშე, ამიტომ, შეერთებულმა შტატებმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ივანიშვილმა ნაწილობრივ იცის კიდეც, როგორც ჩანს, და კობახიძე ჩამოიტანს ამ ამბავს ვაშინგტონიდან მასთან, რომ ელოდებათ გაცილებით უარესი. ბაიდენთან მოწვევის გაუქმება დაავიწყდებათ, იმდენად მძიმე იქნება რეაქცია ვაშინგტონიდან და ასევე ბრიუსელიდან. ვაშინგტონში არავინ აპირებს ამ თავკერძა, რუსული ყაიდის ფეოდალთან კოჭის გორებას”, - განაცხადა ახვლედიანმა.