თეგებით ძიება
29. 09. 2024 მსოფლიო

შვეიცარიელი წყვილი ორი მოსამსახურის დამონებისთვის გაასამართლეს

2018-2019 წლებში შვეიცარიაში ჩამოყვანილი ორი დიასახლისის სასტიკი ექსპლუატაციის, მათი იძულებითი იზოლირებისა და ხელბორკილების დადებისთვის, 46 წლის შვეიცარიელ მამაკაცს სასამართლომ სამწლიანი სასჯელი დაუდგინა, საიდანაც ცხრა თვეს პატიმრობაში გაატარებს. დანაშაულში თანამონაწილეობისთვის, ციურიხის სასამართლომ მისი ფილიპინელ მეუღლეც დასაჯა.

ხუთშაბათს, 26 სექტემბერს, ანდელფინგენის საოლქო სასამართლომ (ციურიხის კანტონი) შვეიცარიელი მამაკაცი და მისი მეუღლე ადამიანების ტრეფიკინგში, მათ გატაცებასა და თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.

მამაკაცს ჯარიმის გადახდა და მკურნალობის კურსის გავლაც მოუწევს.

ეს სასჯელი პროკურატურასა და დაცვის მხარეს შორის დაჩქარებული პროცედურის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმების ფარგლებში დადგინდა. მამაკაცმა და მისმა მეუღლემ ფაქტები აღიარეს და განაჩენს დაეთანხმნენ. ბრალდებულმა ცხრათვიანი პატიმრობიდან ხუთი თვე უკვე მოიხადა და ორ მსხვერპლს, კომპენსაციის სახით, 16 000 შვეიცარიული ფრანკი გადაუხადა.

თუმცა, სასამართლოს, მამაკაცის ჩვენებიდან გამომდინარე, ეჭვი ეპარება, რომ დამნაშავეს კარგად ესმის მისი დასჯის მიზეზები და თავისი ქმედებების სერიოზულობა.

ასეთი ვარაუდის საფუძველს მართლმსაჯულებას შემდეგი გარემოება აძლევს: გასულ კვირას, სასამართლო პროცესის დროს, შვეიცარიელი მამაკაცი ამტკიცებდა, რომ ადამიანის გამოკეტვა და მისთვის ხელბორკილების დადება არ შეიძლებოდა უკანონო ყოფილიყო, რადგან ასეთი კონტრაქტზე ხელი ჰქონდა მოწერილი.

ფსიქიატრიული დასკვნის მიხედვით, ბრალდებულს ნარცისული პიროვნული აშლილობა აქვს და მისი მხრიდან განმეორებითი დანაშაულის ჩადენის მაღალი რისკი არსებობს.

ცოლმა აპელაცია შეიტანა

სასამართლომ მთავარი დამნაშავის მეუღლეს ერთწლიანი სასჯელი განუსაზღვრა, აქედან ოთხი თვე პირობითია (დანაშაულში თანამონაწილეობისთვის); ჯარიმის გადახდა მასაც დაეკისრა. საინტერესოა, რომ სასამართლო მის მიმართ უფრო მკაცრი იყო, ვიდრე პროკურორი, რომელმაც ფილიპინელი ქალისთვის მხოლოდ ათთვიანი პირობითი სასჯელი მოითხოვა.

გარდა ამისა, 32 წლის ქალი ხუთი წლით გააძევეს შენგენის ზონიდან. მისმა ადვოკატმა, რომელმაც გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა, განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მას მიაჩნია, რომ ქმარი მისი კლიენტით მანიპულირებდა.

ერთ-ერთი მსხვერპლის ათთვიანი ტანჯვა

2018 წლის ივლისიდან 2019 წლის ივლისამდე, ქმარმა შვეიცარიაში, ვაინლენდში არსებულ სახლში დიასახლისებად ჩამოიყვანა ჯერ 22 წლის ფილიპინელი, შემდეგ კი 30 წლის ბრაზილიელი ქალი. ცოლქმარი მათ დაჰპირდა, რომ ტრენინგს გაატარებდნენ და ბინადრობის ნებართვას მიაღებინებდნენ.

ფაქტობრივად კი, მათ სასტიკ ექსპლუატაციას უწევდნენ და როცა არ მუშაობდნენ, 2 X 2 კვ. მ ორმოში ჰყავდათ გამომწყვდეული და დაბმული. ახალგაზრდა ქალებს თვეში 800 შვეიცარიულ ფრანკს უხდიდნენ და ზოგჯერ დღეში 17 საათი ჰყავდათ ჩაკეტილი.

პირველი მოსამსახურე ათი თვის შემდეგ გაიქცა, რის შემდეგაც ცოლქმრის წინააღმდეგ ოფიციალური საჩივარი შეიტანა. მეორე კი, რომელიც 2019 წლის ივნისის ბოლოს ჩამოვიდა, პოლიციამ, პირველი მსხვერპლის საჩივრის წყალობით, ივლისის შუა რიცხვებში გაათავისუფლა.

მთავარი დამნასავის ცოლი მსხვერპლს ზედამხედველობდა, ხანდახან ხელბორკილებს თავად ადებდა ან თავის „ციხეში" კეტავდა.

სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, დამნაშავე ფილიპინელი ქალის ჩვენება, რომლის მიხედვითაც მოსამსახურეებმა ის „გაასულელეს“, სანდო არ არის. უფრო მეტიც, ბრალდებულს არასოდეს გამოუთქვამს სინანული და რეალური ჩვენება არ მიუცია.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა