გვაქვს მოლოდინი, რომ ხმის მიცემის პროცესის დასრულებიდან 2 საათის განმავლობაში გამოვაცხადებთ პირველად შედეგს - ცესკო-ს სპიკერი
ცესკოს სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში დაახლოებით 3.5 მილიონი ამომრჩეველია, აქედან 95 000-მდე არის საზღვარგარეთ რეგისტრირებული.
როგორც ცესკოს სპიკერმა აღნიშნა, არჩევნებამდე ინდივიდუალურად ყველას სახლში მიუვა ამომრჩევლის ბარათი და ამასთან ერთად საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც დეტალურად არის აღწერილი ის სიახლეები, რაც საარჩევნო უბანზე დახვდებათ.
„ამომრჩეველთან ერთიანი სია დაახლოებით 3.5 მილიონია. ეს ციფრი დაზუსტდება და გასაჯაროვდება. ასევე, გვექნება იმ ამომრჩევლების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, რომლებიც უცხოეთში მისცემენ ხმას.
საარჩევნო უბნები გამსხვილდა, ამიტომ ამომრჩევლებს მოვუწოდებთ, გადაამოწმონ იმ უბნის მისამართები, სადაც მოუწევთ ხმის მიცემა. ამის შესაძლებლობა ამომრჩეველს აქვს, როგორც ცესკოს ვებ-გვერდზე, ასევე მობილურ აპლიკაციაში",- განაცხადა ნათია იოსელიანმა.
რაც შეეხება საზღვარგარეთ რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს და უბნებს, იოსელიანის თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზღვარგარეთ 42 ქვეყანაში, 67 საარჩევნო უბანი შექმნა.
„საზღვარგარეთ დაახლოებით 95 ათასამდე ამომრჩეველია. საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლება აქვთ იმ საარჩევნო უბანზე, რომელიც ცესკომ ერთი თვით ადრე შექმნა. საარჩევნო უბნები იხსნება საკონსულო დაწესებულებებში და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. სტრასბურგზე იყო საუბარი, სადაც არ არის დიპლომატიური წარმომადგენლობა, სწორედ ამიტომ ვერ შევძელით ამის გაკეთება. ცესკომ კანონმდებლობის ყველა პროცედურა დავიცავით",- განაცხადა იოსელიანმა.
ამასთან, ცესკოს სპიკერმა გადაცემაში ისაუბრა იმ პროცედურაზე, რასაც ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე გაივლის.
„26 ოქტომბერს, ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე მოსვლა 08:00 საათიდან, 20:00 საათამდე შეუძლია. საარჩევნო უბანზე მოსულ ამომრჩეველს თან უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობის პირადობის მოწმობა/ID ბარათი ან პასპორტი.
საარჩევნო უბანზე, პირველი პროცედურა, რასაც ამომრჩეველი გაივლის არის მარკირების შემოწმება. ამის შემდეგ აუცილებელია წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ან პასპორტი. ამომრჩეველს სამაგიდო სიების ნაცვლად დახვდებათ ვერიფიკაციის აპარატები. რეგისტრატორთან გადამისამართების შემდეგ მოხდება მისი ელექტრონული ვერიფიკაცია. მოხდება ვერიფიკაციის აპარატის შესაბამის ზოლში ID-ი ბარათის ჩამოტარება, სადაც ეკრანზე ნაჩვენები იქნება ამომრჩევლის პერსონალური მონაცემები. ამის შემდეგ აპარატიდან ამოდის შესაბამისი ქვითარი, ამომრჩევლის ყველა მონაცემით და ამ ქვითარზე ხელმოწერით ამომრჩეველი ადასტურებს არჩევნებში მონაწილეობას. ეს არის უტყუარი დასტური იმისა, რომ ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე მოვიდა", - განაცხადა იოსელიანმა.
ცესკოს სპიკერის თქმით, ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ 2 საათში გამოცხადდება პირველადი შედეგი.
„მას შემდეგ, რაც 20:00 საათზე დასრულდება ხმის მიცემის პროცესი, ამის შემდეგ არის კანონით გათვალისწინებული რამდენიმე ეტაპი. თუკი ამომრჩევლებმა გადასატანი ბიულეტენით ისარგებლეს, მათი ბიულეტენებიც უნდა მოთავსდეს ხმის მთვლელ აპარატში, ამის შემდეგ, ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით გვეცოდინება პირველადი შედეგები. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ 2 საათის განმავლობაში გამოვაცხადებთ პირველად შედეგს. მას შემდეგ, რაც ცესკოში მონაცემები გადმოიგზავნება, უკვე უბნებზე დაიწყება ხელით დათვლის პროცესი", - განაცხადა იოსელიანმა.