თბილისში სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები იკრიბებიან და მსვლელობით თსუ-სთან გადაინაცვლებენ.
აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. მათ სხვადასხვა შინაარსის საპროტესტო ბანერები აქვთ გაშლილი.
მათი განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საფრთხე ექმნება, მათ შორის განათლების სფეროს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დღეს საფრთხეშია საქართველოს ევროპული მომავალი და ევროპული განათლება.
პროტესტის მონაწილეთა თქმით, ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ საქართველოს მოქალაქეები არ შეეგუებიან არჩევნების გაყალბებას, ქვეყნის ევროპული გზიდან გადახვევას და ისინი ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ.
ასევე საპროტესტო მსვლელობას მართავენ კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც.