„საქართველოს რკინიგზა“ 3 სექტემბერს მომხდარ მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს, რითაც ეხმაურება ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 3 სექტემბერს თბილისში, სატვირთო-ავჭალის გადასარბენზე გეგმური სამუშაოების შესრულების დროს მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტთან დაკავშირებით.
მათივე ცნობით, ინფორმაციის დამახინჯებული ფორმით გავრცელება მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და კომპანიის რეპუტაციის შელახვას.
„სს „საქართველოს რკინიგზა“ ეხმაურება ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 3 სექტემბერს თბილისში, სატვირთო-ავჭალის გადასარბენზე გეგმური სამუშაოების შესრულების დროს მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტთან დაკავშირებით.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ინფორმაციის დამახინჯებული ფორმით გავრცელება მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და კომპანიის რეპუტაციის შელახვას.
შემთხვევის შედეგად დაზარალებული სამი თანამშრომლის შესახებ „საქართველოს რკინიგზამ“ მყისიერად აცნობა შესაბამის უწყებებს. დაშავებული თანამშრომლები სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანილ იყვნენ კლინიკებში, სადაც მათ ოპერატიულად აღმოუჩინეს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება.
დაზარალებულთა მკურნალობის ხარჯები სრულად დაფინანსდა სადაზღვევო კომპანიის მიერ, რადგან „საქართველოს რკინიგზა“ ანაზღაურებს არათუ ყველა თანამშრომლის, არამედ მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯებს. აქვე განვმარტავთ, რომ მკურნალობის პერიოდში დაზარალებულ პირთან, ბესო დავლიანიძესთან პირდაპირ კონტაქტზე იმყოფებოდნენ მისი უშუალო ხელმძღვანელი და „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციის წევრები. ამასთან, კომპანიის თანამშრომლებმა დაშავებულები რამდენჯერმე მოინახულეს მათი სახლში გაწერის შემდეგაც. რაც შეეხება დამატებითი მედიკამენტების ხარჯებს - უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაწეულ იქნა დახმარება 500 ლარის ოდენობით.
ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს დაზარალებულს კუთვნილი ხელფასი არ ჩაერიცხა. ამ საკითხთან დაკავშირებით განვმარტავთ - ბიულეტენზე მყოფი დაშავებული თანამშრომლისთვის, კანონმდებლობის თანახმად, სახელფასო ანაზღაურება მოხდება საავადმყოფო ფურცლის წარმოდგენის შემდეგ. აქვე აღსანიშნავია, რომ დაზარალებულ პირს „საქართველოს რკინიგზის“ პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ჩაერიცხა სახელფასო დანამატი“, - აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო დაიღუპა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ.