მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც 14 წლის ბავშვზე კრიმინალს იტყოდა. მეზიზღები „ნაციონალურო მოძრაობავ“ - გიორგი ზერეკიძის დედა
პირველად როდესაც ჩავედით სტრასბურგში და ფრანგი ადვოკატი ავიყვანეთ, როდესაც თარჯიმანი უთარგმნიდა, ეს კაცი გაოცებული იყო და ამბობდა: დავიჯერო თქვენს ქვეყანაში ხდება? სად ცხოვრობთ, რომელ ქვეყანაში ცხოვრობთო, - განაცხადა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ იტალიიდან ჩართვისას გიორგი ზერეკიძის დედამ, ლიკა ზერეკიძემ.
„14 წლის იყო გიორგი, როდესაც დააკავეს. მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი ქვეყნის პრეზიდენტი, რომ გამოსულიყო და 14 წლის ბავშვზე ეთქვა, რომ კრიმინალია. როდესაც ჩემი ახლობელი ჩემთან მოვიდა, ჩამეხუტა და ტირილი აუტყდა, მივხვდი რაში იყო საქმე და ვკითხე - რომელი? იმიტომ ვიკითხე რომელი, მაშინ ორივე პატიმარი მყავდა - მეუღლეც და შვილიც. როდესაც მითხრა, რომ მამუკა, ცოტა ამოვისუნთქე, შვილი ვერ გავიმეტე. მეცოდებიან ვინც „ნაციონალებს“ მხარს უჭერენ. მე ჩემს შვილს ვუშველი, მაგრამ თქვენს შვილებს რას ეუბნებით?! დასაჭერი რომ აღარავინ ეყოლებათ, მერე თქვენს შვილებს მიადგებიან. მეზიზღებით „ნაციონალურო მოძრაობავ“, რადგან მთელი ახალგაზრდობა გაწყვიტეთ და ხმის ამოღების უფლება კიდევ გაქვთ?!“, - განაცხადა გიორგი ზერეკიძის დედამ.