„ბავშვზე პასუხისმგებელია მისი მშობელი და თუ გადაწყვეტს, რომ მისი შვილი აქციაზე უნდა იყოს, ეს მისი საქმეა“ - მაია ბუწაშვილი
„ძალიან მიხარია ბავშვთა უფლებების ამდენი გულდათუთქული დამცველი რომ გვყოლია“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილისაპროტესტო აქციებზე ბავშვების მიყვანის თემას სოციალურ ქსელში ეხმიანება:
ისევ ყბადაღებულ ბავშვების აქციაზე ყოფნის საკითხს მინდა დავუბრუნდე.
ძალიან მიხარია ბავშვთა უფლებების ამდენი გულდათუთქული დამცველი რომ გვყოლია. იმედი მომეცა, რომ ამიერიდან მათ ხმას ასევე აქტიურად გავიგონებთ ბავშვთა უფლებების ყოველდღიურად დარღვევის უამრავ შემთხვევაზე. ქვემოთ ვეცდები ჩამოვთვალო ჩვენს ქვეყანაში ბავშვების უფლებების დარღვევის უმცირესი ნაწილი, ისიც მხოლოდ ჯანდაცვის კუთხით. და სანამ ჩამოვთვლი, ვიტყვი, რომ ბავშვზე პასუხისმგებელია მისი მშობელი და თუ გადაწყვეტს, რომ მისი შვილი აქციაზე უნდა იყოს, ეს მისი საქმეა, ნუ ლანძღავთ და გთხოვთ, მომავალში ასეთი ღია აღშფოთება ასევე გამოხატოთ შემდეგ ფაქტებზე:
⁃ ჩვენს ქვეყანაში ბავშვების მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ იღებს საჭირო საკვებ ნივთიერებებს
⁃ ბავშვების აღზრდის ჩვეულებრივი და მისაღები კომპონენტია ფიზიკური ძალადობა, რომელსაც, თუ მართლა არ დაალურჯეს ბავშვი (და ასეთიც ბევრია), ისე ძალადობად არც განიხილავენ: ბავშვს “თუ ტაკოზე ან თავში არ წამოარტყი, ისე ვერ გაიზრდება“.
⁃ განსაკუთრებით სამწუხაროა სქესობრივი ძალადობის შემთხვევები (და ოფიციალურად გახმაურებული შემთხვევების მიღმა გაუხმაურებელი შემთხვევევები) და სახელმწიფოსგან პრევენციული ღონისძიებების სიმწირე.
⁃ “ცოტ-ცოტა ღვინის მოწრუპვას თუ არ შეეჩვია, ისე ამისგან კაცი არ დადგება” - კატასტროფული პრაქტიკა.
⁃ “რა გატირებს, გოგო ხომ არ ხარ, ადექი და შენც დაარტყი” („კაცად“ გაზრდის იდეოლოგია).
⁃ სკოლებში ბავშვებს შორის ძალიან გავრცელებული ბულინგის შემთხვევებზე თვალის დახუჭვა, რასაც ხშირად ბავშვების ფსიქიკის უმძიმესი დაზიანება მოსდევს (“ბულინგზე” ახლა ქართული ენის ის დამცველები შემომესევიან, “ნასკი” და “საროჩკა” რომ აკერიათ პირზე და ინგლისურიდან შემოსულ ტერმინებზე უნდებათ აღშფოთება:).
⁃ მასწავლებლების მხრიდან (ყველას არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა) ბავშვებისთვის ბოლო ხმაზე კივილის და შეურაცხყოფის პრაქტიკა და ამის ნორმად მიღება (ეს ყველაფერი თურმე არ არის პრობლემა ბავშვის ფსიქიკისთვის; ფსიქიკაზე ნეგატიურად მხოლოდ აქციებზე დგომა მოქმედებს).
⁃ ექიმების მიერ ბავშვთა კონსულტირებისას ბავშვზე ძალადობის შემთხვევებზე ყურადღების არ/არასათანდო გამახვილება... და ეს სია მხოლოდ მცირე ნაწილია.
• და რაც მთავარია, პოლიციის მიერ არასრულწლოვანების მიმართ მიმდინარე ძალადობა - წერს მაია ბუწაშვილი.