ჯერჯერობით არ ვიცით არის ეს ჩვეულებრივი, მეტაპნევმოვირუსია თუ მისი ახალი, მოდიფიცირებული შტამია, ამიტომ რეალობა გაურკვეველია - მაია ბუწაშვილი
მეტაპნევმოვირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სპეციალისტების საიმედო პროგნოზების მიუხედავად, როგორც აღმოჩნდა, მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ვირუსის შესახებ სრული ინფორმაცია არ ქვეყნდება და მოსალოდნელი პანდემიისთვის ემზადება.
მით უმეტეს, რომ 5 იანვარს ჩინეთში ეპიდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დღეისთვის ამ ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის ვირუსები ვრცელდება, მათ შორის - ინფლუენზა, HMPV, მიკოპლაზმური პნევმონია და კოვიდ-19. ვირუსების სწრაფი გავრცელების გამო, პაციენტების სიჭარბეა საავადმყოფოებში, არიან გარდაცვლილებიც.
რამდენად შესაძლებელია საქართველოში მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება? TIA.GE კომენტარისთვის სპეციალისტებს დაუკავშირდა.
ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ირაკლი სასანია:
- თუ ჩინეთიდან მიღებული მონაცემებით ვიმსჯელებთ, ვირუსი საკმაოდ მწვავედ მიმდინარეობს და ცუდი შედეგები აქვს (თან ყველაფერი რეპორტირებული არ არის). ჯერჯერობით საქართველოში არ არის ის სიტუაცია, რომ ვირუსის გავრცელებას პანდემიის სახე მიეცეს. ჯერჯერობით რაღაც ჩაკეტვებზე საუბარი არ მსმენია. ჩემი აზრით, ჯერჯერობით ამის საფრთხე არ დგას და წინასწარ იმაზე საუბარი რა იქნება, რთულია. მოსახლეობამ თავი ჩვეულებრივად უნდა დაიცვას - ხალხმრავალ ადგილებს მოერიდოს, პირბადე გამოიყენოს, განსაკუთრებით ასაკოვანმა მოსახლეობამ, მაქსიმალურად დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა და ა.შ. თუ ვინმეს რაღაც სიმპტომები აქვს, ახველებს და მაღალი ტემპერატურა აქვს, ხალხში გასვლას უნდა მოერიდოს, საკუთარი თავი და სხვები დაიცვას.
- პირბადე როგორ გამოვიყენოთ, როცა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სახის ნიღბით და ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა აკრძალულია?
- ჩემთვის, როგორც ჯანდაცვის სპეციალისტისთვის, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი არის საზოგადოების ჯანმრთელობა, ამიტომ თუ ამის საჭიროება დადგა, ვფიქრობ, რომ მთავრობას თავის გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანა მოუწევს. როგორც უკვე აღვნიშნე, ჯერ არა ვართ ასეთ მდგომარეობაში, უბრალოდ, ინდივიდუალურად უნდა მივხედოთ... თუ სიმპტომები გამწვავდა და ტემპერატურა გახანგრძლივდა, განსაკუთრებით ბავშვებში, პედიატრს ან ოჯახის ექიმს უნდა დაუკავშირდნენ. თუ პრობლემა ამბულატორულ დონეზე ვერ გადაწყდა, თვითონ ამბულატორია გადაამისამართებს. ასე, რომ ჯერჯერობით, მხოლოდ ყურადღებით ყოფნა და საყოველთაოდ მიღებული ზომების დაცვა გვჭირდება.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი:
- რეალურად, თუ ცალკე აღებულ მეტაპნევმოვირუსს (Hmpv) ავიღებთ, ეს ჩვეულებრივი, საკმაოდ ხშირად მოცირკულირე ვირუსია და ახალი არ არის. ის 2001 წელს აღმოაჩინეს და რესპირატორული სიმპტომების მქონე ადამიანებში საკმაოდ ხშირად გვხვდება. ზოგიერთ შემთხვევაში ვირუსს შეუძლია გამოიწვიოს ბრონქიტი და პნევმონია, განსაკუთრებით ბავშვებში და ქრონიკული დაავადებების მქონეებში, თუმცა უმეტესად მსუბუქად მიმდინარეობს (სურდო, ხველა და სხვა რესპირატორული სიმპტომები).რაც შეეხება ჩინეთს, ამ მომენტისთვის ოფიციალური მონაცემებით შემთხვევების რაოდენობა მომატებულია, თუმცა არ აღემატება სხვა წლებში დაფიქსირებულ შემთხვევათა რაოდენობას. მათივე ინფორმაციით, ჰოსპიტლებში მიმართვიანობაც არ არის განსაკუთრებულად მაღალი.
თუმცა ვინაიდან კოვიდის პანდემიის გარიჟრაჟზე ჩინეთის ოფიციალური წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაცია არც თუ ისე სანდო აღმოჩნდა, ზოგიერთები მაინც შიშობენ, რომ შესაძლებელია ადგილი ქონდეს ეპიდაფეთქებას. ჯერჯერობით არც ის ვიცით არის თუ არა ეს ისევ ის ჩვეულებრივი, მეტაპნევმოვირუსი თუ მისი ახალი, მოდიფიცირებული შტამია, ამიტომ რეალობა ჯერჯერობით გაურკვეველია. კორონავირუსებიც მანამდე იყო ძალიან მშვიდობიანი ვირუსები და ჩვეულებრივ, სტანდარტუ სიტუაციას იწვევდა, მაგრამ ეს ახალი და განსხვავებული აღმოჩნდა. იგივეა მეტაპნევმოვირუსი. სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ოფიციალურ განცხადებას არ გააკეთებს რა ტიპის ვირუსია და რა გართულებები არის მოსალოდნელი, ამ ეტაპზე ზუსტი შეფასება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუ არის მუტაციური, ახალი შტამი, ნებისმიერ ვარიანტს შეიძლება ველოდოთ.
- შეიძლება თუ არა, რომ საქმე შეზღუდვებამდე მივიდეს?
- ჯერ ძალიან ადრეა ამაზე ლაპარაკი, რადგან წარმოდგენა არ გვაქვს რასთან გვაქვს საქმე. თუ ჯანდაცვის მსოფიო ორგანიზაციის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში საგანგებო ჯანდაცვითი მდგომარება და შემდეგ უკვე პანდემია გამოცხადდება, მაშინ ჩვენი ქვეყანაც შეუერთდება. საქართველო კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვერაფერს გამოაცხადებს, თუ ეს საერთაშორისო საფრთხედ არ შეფასდა. ჯანმო აცხადებს, რომ მუდმივ კომუნიკაციაშია ჩინეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებებთან და ამ ეტაპზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხის გამოცხადების საფუძველი არ არსებობს. აშშ მონაცემების მიხედვით, ბოლო დღეებში მწვავე რესპირატორული ინფექციების 19% მოდის გრიპის ვირუსზე, 7.1% კორონავირუსზე და 1.94% მეტაპნევმოვირუსზე.
- საქართველოში მიმდინარე აქციების გამო პირბადეების გადმოყენება აკრძალულია. ხომ არ დადგა დრო, რომ ამ გადაწყვეტილებას გადახედონ?
- პრობლემას მარტო მეტაპნევმოვირუსი არ ქმნის. ისედაც მიმდინარე, სეზონური გრიპის სეზონში ვართ, შემთხვევებმა უკვე პიკს მიაღწია და ამ დროს სამედიცინო პირბადის აკრძალვა ყოვლად გაუგებარია... ხალხმრავალ ადგილებში ადამიანებს დაცვა სჭირდებათ.