როგორ ავღზარდოთ პატარა ქალწული?
ნებისმიერი მშობლის სურვილია მისი შვილი წარმატებული, ღირესული და ჭკვიანი პიროვნება გაიზაროს. თუმცა ბავშვები, იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით ევლინებიან ქვეყანას სხვადასხვა ფსიქო-ტიპის მქონე ინდივიდებად შეიძლება ჩამოყალიბდნენ. თითოეულ მათგანს კი განსაკუთრებული მიდგომა და კომუნიკაციის ფორმა ესაჭიროება მშობლის მხრიდან.
დღეიდან გთავაზობთ სტატიების ციკლს, რომელშიც თითოეული ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელის აღზრდა-განვითარების საკითხზე ვიმსჯელებთ დეტალურად.
როგორ აღვზარდოთ პატარა ქალწული?
ქალწული მიწის სტიქიის წარმომადგენელია. ამიტომ თქვენი შვილი, თუ ის საკუთარი ნიშნის ტიპური მახასიათებლებით დაიბადა, ნაკლებად იქნება ცელქი და მოუსვენარი. მისგან არც ბავშვური კაპრიზებით დაიტანჯებით და არც ზედმეტი მოთხოვნებით შეგიღონებთ ხოლმე გულს მაღაზიის ვიტრინების წინ ჩავლილს.
ტიპური ქალწული ბავშვი, ყველაზე გაწონასწორებული და მშვიდი პატარაა ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს შორის. თუმცა, მასაც გააჩნია კონკრეტული თვისებები, რომელიც ბავშვობიდან გამოიკვეთება მის ხასიათში და თქვენ მის ამ თვისებებს ანგარიში უნდა გაუწიოთ. პირველი და უმთავრესი თვისება ეს წესრიგის გადამეტებული სიყვარულია.
თქვენი შვილი იშვიათი მესაკუთრე და მეწვრილმანე იქნება. იგი დეტალების სიზუსტით ამჩნევს ყველაფერს თავის გარშემო. მას ძალიან ხიბლავს წვრილმანებში ჩაღრმავება, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ თუ იგი ობობას ბებიის ან უმცროსი და-ძმის შესაშინებლად კი არა, მისი აგებულების შესასწავლად დაიჭერს და გამოამწყვდევს კოლოფში. ქალწული მერკურით მართული ნიშანია, მერკური კი თავის მხრივ აზროვნებაზე აგებს პასუხს. აქედან გამომდინარე, თქვენს შვილს მაძიებელი ბუნება აქვს, რომელიც მუდმივად საჭიროებს ინტელექტუალურ საზრდოს. დატვირთეთ იგი სხვადასხვა სახის დიდაქტიკური თამაშობებით. ასწავლეთ ჭადრაკი, ნარდი. ხშირად ამოხსენით ერთად თავსატეხები და კროსვორდები. ითამაშეთ ფაზლებით.
გახსოვდეთ, თქვენი შვილი პატარაობიდანვე რეალისტურად უყურებს სამყაროს. ამიტომ ნუ ეცდებით მას ამაოდ დააჯეროთ ზღაპრები თოვლის პაპის არსებობის შესახებ. აჯობებს ყველაფერი ამის არსი გასაგებ ენაზე აუხსნათ, ასე უფრო დააფასებს იგი თქვენ მიერ მისთვის საახალწლოდ ნაყიდ საჩუქარს.
მისი უმთავრესი ნაკლი მორიდებულობაში მდგომარეობს. ქალწული ბავშვები უზომოდ თვითკრიტიკულები არიან ბუნებით. ამასთან ერთად, თანდაყოლილი ასოციალურობისკენ მიდრეკილებაც ახასიათებთ. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ხშირად შეაქეთ, წაახალისეთ და გაამხნევეთ იგი ოპტიმისტური მიდგომით მისი მონაცემების მიმართ. თუკი მასში საკუთარი თავის რწმენას გააძლიერებთ, სამომავლოდ მისი სახით მოსიყვარულე, ერთგულ და მზრუნველ ადამიანს გაზრდით, რომელიც ყოველთვის გამონახავს დროს და რესურსს თქვენ მიმართ ყურადღების გამოსაჩენად.
წყარო: astrologi.ambebi.ge