თეგებით ძიება

სახლების სისტემა - მეხუთე სახლი

ჩვენი ერთგული მკითხველის თხოვნის გათვალისწინებით, ვიწყებთ სტატიების ციკლს ზოდიაქოს სახლების შესახებ. ასტროლოგიურად არსებობს თორმეტი სახლი, რომელიც სხვადასხვა ზოდიაქოს შეესაბამება. სახლი, რომელშიც ესა თუ ის პლანეტა ხვდება თქვენს ნათალურ რუკაზე, განაპირობებს მისი გამოვლინების არეალს. ასე მაგალითად – ვენერა მორიელში, რომელიც თავისთავად უკვე ნიშნავს ტემპერამენტიან, ქარიზმატულ და მძაფრი შეგრძნებების მოყვარულ ინდივიდს, საკუთარ სექსუალურ ტემპერამენტს გაცილებით უფრო დრამატულად გამოავლენს თუკი ზემოთ ხსენებული ვენერა მორიელის ზოდიაქოს გარდა მორიელისავე მერვე სახლში იქნება განთავსებული. ამ შემთხვევაში ადამიანის ემოციებს გამუდმებით მიეცემა ფატალური მოვლენების ხარჯზე განვითარების საშუალება. ხოლო იგივე ვენერას განლაგება მეათე სახლში მიუთითებს იმაზე, რომ მისი მფლობელი ასაკით უფროსი ან თანამდებობის პირებით იხიბლება (რისი ფესვებიც მისი ოჯახიდან, აღზრდის სპეციფიკიდან მოდის) და საკუთარ სექსუალურ შარმსაც ძირითადად ამ მიმართულებით იყენებს.
ასტროლოგიურად ზოდიაქოს თორმეტივე სახლს საკუთარი გამოვლინების სფეროები გააჩნია. ამიტომ თითოეული სახლის "არსენალში" როგორც წესი, რამდენიმე ვარიანტი შედის. თუმცა როგორ ამუშავდება ესა თუ ის სახლი კონკრეტული ინდივიდის ცხოვრებაში ამაზე უკვე მთლიანი რუკის კომპლექსური ანალიზის შედეგად შეიძლება საუბარი. მაგრამ დასაწყისისთვის მოდით რიგითობის მიხედვით გავეცნოთ თითოეულ სახლს და მისი გავლენის სფეროებს.


მეხუთე სახლი

ფიქსირებული, ცეცხლის სტიქიის, მამაკაცური ენერგეტიკის მქონე სახლი.

სიგნიფიკატორი – ლომი

ფერი – შავი, თეთრი, თაფლისფერი

ამ სახლში თავს კარგად გრძნობს ვენერა იმდენად რამდენადაც ვენერას კომფორტის ზონაა საიმოვნება, გართობა, სიყვარული, ფლირტი

სხეულის ნაწილებიდან შეესაბამება – გული, ზოგადად გულსისხლძარღვთა სისტემა.

მეხუთე სახლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახლია, გამომდინარე იქედან, რომ მის სფეროში ადამიანის ცხოვრების ძალზე მნიშვნელოვანი თემები შედის. კონკრეტულად: შვილიერების თემა, შვილების აღზრდა (მათთან დამოკიდებულება), ზოგადად ბავშვებთან და მათ ბედთან დაკავშირებული ნებისმიერი ამბავი. გართობა, სასიყვარულო თავგადასავლები, რომანები, ფლირტი, სექსუალური ურთიერთობა რომელსაც მარტოოდენ გართობის სახე აქვს (მოკლევადიანი კავშირები), შემოქმედებითი ნიჭი, ზოგადად თვითგამოხატვის უნარი სახელოვნებო სფეროებში, შემოქმედებითი ნიჭი (ხატვის, მუსიკის, ცეკვის, თეატრალური და ა.შ.), სურვილები და კაპრიზები რომელსაც ვემორჩილებით, ჰობი, სპორტული სარბიელი, აზარტული თამაშები, სხვადასხვა სახის სპეკულაცია, პირადი აგენტები (წარმომადგენლები), ელჩები და ოფიცალური პირები, ელიტური თავშეყრის ადგილები, გლამური, ბანკეტები, მამის მხრიდან დანატოვარი მოძრავი ქონება (მაგ. მანქანა).

მაშინ, როცა პირველი სახლი ეს "მეს" გამოხატულებაა, იგი მეხუთე სახლში პოულობს საკუთარი იმიჯის შემოქმედებითად გაშლის პერსპექტივას. მეხუთე სახლი აძლევს მას ელფერს და სწორ "შეფუთვას". ეს არის გართობის, სიამოვნების, ფლირტის სახლი. მის კომპეტენციაში შედის ასევე საშვებულებო პერიოდი, ზოგადად დასვენება ან მოგზაურობა გართობის სახით. მეხუთე სახლით იზომება ადამიანის პატივმოყვარეობის დონე, მისი თავდაჯერებულობა, თვითგამოხატვის უნარი, კრეატივის ნიჭი. თუმცა იგივე სახლი აგებს პასუხს ყოველგვარი სახის უკიდურესობის გამოვლენაზე ხასიათში, ემოციურ აფეთქებებზე. ამ სახლის არეალში ექცევა ნებისმიერი საქმე და საქციელი, რომელსაც საფუძვლად უდევს გასაჯაროვების თემა. ის, რაც საზოგადოების წინაშე უნდა იყოს წარდგენილი აუცილებლად მეხუთე სახლის სფეროა.

მეხუთე სახლის, კონკრეტულად მისი ასპექტების მიხედვით განისაზღვრება შვილების ყოლის ალბათობა, მათი რაოდენობა და სავარაუდო სქესი. იგი ზოგადად მიჩნეულია ერთ-ერთ "კეთილ სახლად", იმიტომ რომ მეორენაირად მას ასტროლოგები "ვენერას სახლსაც" უწოდებენ, ვენერა კი მოგეხსენებათ ჰარმონიის, სიყვარულისა და სილამაზის პლანეტაა. მეხუთე სახლის ასპექტები რუკაში მიგვანიშნებს იმაზე თუ რა სახით, რა კუთხით მოხდება ადამიანის ცხოვრებაში შემოქმედებითი თვითგამოხატვა. რამდენად იქნება ეს გამართლებული და წარმატების მომტანი. იმდენად რამდენადაც მეხუთე სახლი აქტიურად "კურირებს" შვილების, შთამომავლობის თემას მეხუთე სახლის ან მისი მმართველის მიხედვით ხდება მოსალოდნელი ორსულობის პერიოდის პროგნოზირება (ამ შემთხვევაში იუპიტერთან დადებით ასპექტებსაც ვითვალისწინებთ, იმიტომ რომ იუპიტერი უშუალოდ კურირებს ორსულობის თემას). თუმცა, თავად ჩასახვის პერიოდი მეოთხე სახლის სფეროს შეესაბამება. ორსულობა მეხუთე სახლს, ხოლო მშობიარობა ხშირად მერვე სახლის (ქირურგიული ჩარევა, საკეისრო) ან პირველი სახლის (ახალი სიცოცხლის დაბადება ფიზიოლოგიური გზით) თემაა.


მეხუთე სახლი პრობლემატურია თუკი იგი სატურნით ან მარსითაა მართული. ასეთ შემთხვევაში ადამიანს ეძლევა გაუგონარი და ძნელად აღსაზრდელი შვილები, ან თავად ვერ ახერხებს ბავშვებთან საერთო ენის გამონახვას.

მეხუთე სახლი მართავს შემოქმდებით პოტენციალს, მათ შორის წერის ნიჭს. დიზაინერულ ხედვას. ამიტომ მისი კომბინაციით განისაზღვრება ის, თუ საბოლოოდ რა შედეგი შეიძლება მივიღოთ ჩვენი ნააზრევ-ნაფიქრის გასაჯაროების შემთხვევაში. თუ მას კარგი ასპექტები გააჩნია იუპიტერთან (წარმატების მომტანი პლანეტა) ადამიანს აუცილებლად ელის საყოველთაო პოპულარობა და დაფასება საკუთარი ნიჭის გამო.

მეხუთე სახლის სფეროში შედის ასევე ნებისმიერი სახის პრეპარატი, რომელიც სტიმულატორის სახით გამოიყენება. მათ შორის შედის სექსუალური სტიმულატორებიც. ან ისეთი ტიპის პრეპარატი როგორიცაა ექსტაზი. თუმცაღა როცა პრეპარატის მიმართ დამოკიდებული ხდება ადამიანი იგი უკვე მერვე სახლის სფეროში გადადის, წამალდამოკიდებულების გაცილებით უფრო მძიმე ფორმებს კი მეთორმეტე სახლი კურირებს.

მეხუთე სახლის სფეროა ასევე ნებისმიერი სახის რისკი და აზარტი, ბირჟა, ფინანსური გარიგებები. იგი განაგებს სასიყვარულო ურთიერთობებს, რომელიც არანაირი სახის პასუხისმგებლობას არ გულისხმობს. იგი მიანიშნებს ასევე ფულზე, რომელიც მამის ხაზით გვერგება. იშვიათ შემთხვევაში მისი ტრანზიტული ასპექტები მერვე სახლთან მიანიშნებს დედის გარდაცვალების ფაქტზეც.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა