თეგებით ძიება

მთვარე ზოდიაქოს ნიშნებში - მთვარე ლომში

მათთვის ვინც ასე თუ ისე ერკვევა ასტროლოგიაში, კარგად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ ადამიანის ძირითად სახასიათო შტრიხებს მზის (ცნობიერი) და მთვარის (ქვეცნობიერი) კონფიგურაციები აყალიბებს . ამიტომ რაც უფრო ჰარმონიულია პიროვნების ნატალურ რუკაში მზე-მთვარის კომბინაცია (განლაგებულია ისინი ერთი და იგივე ან მონათესავე სტიქიაში), მით უფრო გაწონასწორებულ და ჰარმონიულ ინდივიდთან გვაქვს საქმე.

თუმცა, მოდით, უფრო დეტალურად გავეცნოთ მთვარის მდებარეობას ნიშნებში:

მთვარე ლომის ზოდიაქოში
თუკი ნატალური რუკის მიხედვით, პირად რუკაში მთვარე ლომის ზოდიაქოშია განთავსებული, ასეთი ადამიანი თავდაჯერებული, ამბიციური და ეპატაჟური პიროვნებაა. მას ეხერხება და უყვარს საკუთარი პერსონის "კარგად შეფუთვა" და საუკეთესო კუთხით წარმოჩენა. თუმცა, მასში ეგოიზმის მომენტებიც ძალზე თვალშისაცემია. მთვარით ლომი თვლის, რომ ნებისმიერი სახის შექებას, პატივისცემასა და თაყვანისცემას მისი დიდადპატივცემული პერსონა ყოველთვის იმსახურებს. მას თითქმის არასოდეს ეპარება ეჭვი საკუთარ სიმართლეში და იშვიათად აღიარებს შეცდომებს სახალხოდ, თუნდაც ძალზე თვალშისაცემი იყოს მისი დანაშაული ვინმეს მიმართ.
მთვარის ამგვარი მდებარეობით დაბადებული ადამიანები, იშვიათად ითვალისწინებენ სხვის აზრს გადაწყვეტილების მიღებისას, მიაჩნიათ რა, რომ საკუთარი საქმის თავად უკეთ იციან. მთვარით ლომს კარგი ინტუიცია გააჩნია. იგი ადვილად ერგება სოციუმს და შესანიშნავად ახერხებს საკუთარი ადგილის პოვნას ნებისმიერ გარემოში. ცეცხლოვანი ტემპერამენტის გამო, ეს ადამიანი უზომოდ ამაყი და ფიცხია. თუ ვინმე მის "ეგოს" უხეშად ეხება (ან თავად ჩათვალა ასე) შეუძლია უბოდიშოდ მიუჩინოს ადგილი შეურაცხმოფელს.
ასეთი ადამიანის მთავარი ნაკლი ეგოიზმი და ინფანტილურობაა. რის გამოც იგი პერიოდულად აუტანლად მომთხოვნი, პრეტენზიული და არაჯანსაღად ამბიციურიც შეიძლება იყოს. თუმცა მიუხედავად ამისა, მასზე დიდი ხნით გაბრაზება ფაქტობრივად შეუძლებელია, იმიტომ რომ ბუნებით საოცრად ბავშვური და უბოროტოა. შესაბამისად, პატარა ბავშვივით მომთხოვნია რიგ შემთხვევებში, რის გამოც ადამიანებს ხშირად აღიზიანებს. თუმცა საკუთარ საქციელს მოკლე ხანში სიკეთითა და გულუხვობით ფარავს.

ეს ადამიანები ცხოვრებაში ყოველთვის ემოციებისა და გულის კარნახით მოქმედებენ. მათ უმრავლესობას განსაკუთრებული მიდრეკილება არ გააჩნია ერუდიციისკენ, თუმცაღა თუ რამეს სწავლობენ, ყოველთვის მაქსიმალურად ახერხებენ მიღებული ცოდნის წარმოჩენას. მათთვის განათლება კიდევ ერთი საშუალებაა საკუთარი იმიჯის ხაზგასასმელად საზოგადოებაში. მთვარე ლომის ზოდიაქოში ადამიანის ემოციურ ველს მაქსიმალურად ამძაფრებს, თუმცა ამ ხალხის პრობლემა ისაა, რომ მათ ნაკლებად ან სულ არ ეხერხებათ კომპრომისზე წასვლა. ისინი იშვიათად იღებენ რჩევას სხვისგან და მით უმეტეს არ ითვალისწინებენ მას. სამაგიეროდ, თუკი მთვარით ლომი მაინც ახერხებს ყური დაუგდოს გარშემო მყოფებისგან წამოსულ შენიშვნებს, იგი საკუთარ თავზე მუშაობას შესანიშნავად შეძლებს და მისგან გაცილებით უფრო დახვეწილი პიროვნება დადგება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ბუნებით იშვიათად არიან მოღალატეები, მათი ლომური ბუნება ვერ ძლებს ისეთ გარემოში სადაც არ აღიარებენ და თაყვანს არ სცემენ მას მაქსიმალურად. შესაბამისად, იგი სინდისის ქენჯნის გარეშე დაიწყებს "შემცვლელის" ძიებას პარტნიორულ ურთიერთობაში თუკი მეორე ნახევრისგან სითბო და დაფასება წუთით მაინც დააკლდა.

ადამიანები მთვარის ამგვარი განლაგებით ფლობენ უზომოდ ქარიზმატულ გარეგნობას და განსაკუთრებულ ვიზუალურ შარმს, რის გამოც მათი ცხოვრება, როგორც წესი, სასიყვარულო რომანების სიმრავლით გამოირჩევა. თუმცაღა თვისება პერიოდულად ზემოდან გადმოხედონ გარშემო მყოფებს, ხშირაც უფუჭებს ამ ხალხს ურთიერთობას სოციუმთან. მთვარით ლომი დაბადებიდან მსახიობი და შოუმენია, ამიტომ მას იდეალურად ეხერხება სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებების ორგანიზება, სიტყვით გამოსვლა, რეკლამირება და პიარი. იგი ასევე დაჯილდოებულია კარგი პედაგოგიური მონაცემებით.
მამაკაცის ჰოროსკოპში მთვარის ამგვარი განლაგება ნიშნავს იმას, რომ იგი ძალზე რომანტიული, მხიარული და ქარიზმატული პიროვნებაა. თუმცა არსებობს იმის რეალური საშიშროებაც, რომ საკუთარი თავის სიყვარული ქრონიკულ ნარცისიზმში გადაუვიდეს.
ქალის რუკაში კი მთვარის ამგვარი პოზიცია მიანიშნებს ბავშვების მიმართ დიდ სიყვარულზე, თუმცა მას ოჯახურ ცხოვრებაში აუცილებლად ეყვარება დომინირება, რაც საკმაოდ ხშირად გახდება პრობლემის მიზეზი თუკი პარტნიორს გაცილებით უფრო დამყოლი და ლოიალური ხასიათით არ შეარჩევს.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა