თეგებით ძიება

მთვარე ზოდიაქოს ნიშნებში - მთვარე კირჩხიბში

მათთვის ვინც ასე თუ ისე ერკვევა ასტროლოგიაში, კარგად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ ადამიანის ძირითად სახასიათო შტრიხებს მზის (ცნობიერი) და მთვარის (ქვეცნობიერი) კონფიგურაციები აყალიბებს . ამიტომ რაც უფრო ჰარმონიულია პიროვნების ნატალურ რუკაში მზე-მთვარის კომბინაცია (განლაგებულია ისინი ერთი და იგივე ან მონათესავე სტიქიაში), მით უფრო გაწონასწორებულ და ჰარმონიულ ინდივიდთან გვაქვს საქმე.



თუმცა, მოდით, უფრო დეტალურად გავეცნოთ მთვარის მდებარეობას ნიშნებში:


მთვარე კირჩხიბის ზოდიაქოში (სამეფო მთვარე)

თუკი ნატალური რუკის მიხედვით თქვენს ჰოროსკოპში, მთვარე კირჩხიბის ზოდიაქოში ხვდება თქვენ უდაოდ ემოციური, გულჩვილი, მზრუნველი და თანამგრძნობი ნატურა იქნებით. მთვარით კირჩხიბი ცვალებადი ხასიათით გამოირჩევა. მისი განწყობა ხშირად მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული, ეს იმიტომ რომ მთვარე თავად კირჩხიბის მმართველად არის მიჩნეული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთვარის ამგვარ მდებარეობას "სამეფო მთვარე" ეწოდება ანუ ეს არის მთვარე საკუთარ სახლში.

მთვარით კირჩხიბი ერთი შეხედვით ბავშვური, მიმნდობი და ალალი ჩანს. თუმცა თუ მისი ნდობა არ გაამართლეს, იმ წამს დისტანციას უჭერს ადამიანს და ცდილობს მომავალში მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს მასთან ურთიერთობაში. მართალია მას ძალზე განვითარებული ინტუიცია გააჩნია, მაგრამ პანიკის დროს იგი ხშირად იქცევა არაადეკვატურად. ეს იმიტომ ხდება, რომ მთვარით კირჩხიბი ზოგჯერ გარშემო მყოფთა ნეგატიურ ვიბრაციას ემორჩილება. რის გამოც, მას უძნელდება გადაწყვეტილების სწორად მიღება. ამ ადამიანისთვის აუცილებელია სხვების ემოციურ ველზე "ჩაბმას" გადაეჩვიოს, იმიტომ რომ განცდები, რომელსაც იგი ცუდად მყოფი ადამიანებისგან იღებს, ხშირად აბინძურებს მის აურას, რაც საბოლოო ჯამში მთვარით კირჩხიბის უგუნებობისა და ცუდი ხასიათის მიზეზი ხდება.

მართალია, ეს ადამიანი გარეგნულად მოკრძალებული და მშვიდი ჩანს, მაგრამ მისი სიყვარული და ერთგულება საკუთარი ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანების მიმართ იმდენად დიდია, რომ მას წარმოუდგენელი საქციელის ჩადენა შეუძლია თუკი გრძნობს, რომ ამ ხალხის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება. მთვარით კირჩხიბებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ დედასთან, მათთვის დედა ამქვეყნად ყველაზე ახლობელი და ძვირფასი ადამიანია. რამდენადაც მთვარის მდებარეობა კირჩხიბის ზოდიაქოში ერთ-ერთ უძლიერეს პოზიციად ითვლება მთვარისთვის, ამ ადამიანებს ხშირად გააჩნიათ ექსტრასენსორული უნარები და წინასწარმეტყველების ნიჭი. მთვარით კირჩხიბებს ძალიან უყვართ სიმყუდროვე, ისინი აღმერთებენ საკუთარ სახლს, ოჯახურ იდილიასა და შინაურ ატმოსფეროს. გამომდინარე იქედან, რომ მთვარის ამგვარი მდებარეობით დაბადებული ადამიანი უზომოდ თანამგრძნობი და სენსიტიურია, მას ხშირად მიმართავენ რჩევისთვის ან უბრალოდ საკუთარი დარდის გასაზიარებლად. თუმცა, ასევე ხშირად იყენებენ მის თანამგრძნობ ბუნებას ბოროტად ე.წ. "ენერგოვამპირებიც", მათთვის ასეთი ადამიანი საუკეთესო კვების წყაროა.

მთვარით კირჩხიბი წინდახედული, ფრთხილი და ხელმომჭირნეა, როცა საქმე ფინანსებს ეხება. ამ ადამიანს არ უყვარს ფულის უყაირათოდ ხარჯვა, ასევე ვერ იტანს სახლში ქაოსსა და უწესრიგობას. მთვარით კირჩხიბს გააჩნია კარგი მუსიკალური აღქმა, ზოგადად მას ხიბლავს ხელოვნების ნებისმიერი დარგი, განსაკუთრებით თეატრი და მხატვრობა.
მამაკაცის ჰოროსკოპში მთვარის ამგვარი მდებარეობა მიანიშნებს იმას, რომ მას დედის ტიპის ქალები იზიდავს და პარტნიორში მზრუნველს უფრო ეძებს ვიდრე ვნებიან საყვარელს.
ქალის რუკაში კი მთვარის ამგვარი მდებარეობა იმის ნიშანია, რომ იგი ძალიან ბუტიაა, თუმცა შეუძლია კარგი დედა დადგეს და ოჯახში დიასახლისის როლსაც შესანიშნავად მოირგებს.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა