დღეს სავსემთვარეობაა, დღე, რომელიც ყურადღებას მოითხოვს
დღეს 26 აგვისტოს 15:56 წუთზე, სავსემთვარეობა თევზების ზოდიაქოს ნიშანში იქნება.
ესაა დღე, როდესაც კარგია სხვადასხვა რიტუალების ჩატარება, რადგან ადამიანებს აქვთ მეტად დიდი ენერგია. ასევე ბრწყინვალეა, თუ კომპრომისის ხარჯზე ინდივიდთა ჯგუფი ერთად შეძლებს რაიმე სახის კოლექტიური სამუშაოს ჩატარებას. ეს პერიოდი ძალიან კარგია ფსიქოლოგიური დამუხტვისთვის, საკუთარ ძალებში დარწმუნებისთვის, სხვათა მიმართ ინტერესის გაღვივებისთვის, ერთობლივი ძალებით იერიშზე გადასვლისა და საკუთარი შეხედულებების მტკიცედ გადმოცემისთვის. ამ დროს ადამიანთა გარკვეული კატეგორია შესაძლოა განიცდიდეს ენერგიულ დისბალანსს, მაღალია თავისტკივილების, ნერვოზული აშლილობების, გაღიზიანების, კამათის, ჩხუბის შანსიც კი. ამიტომ გეგმები და იდეები თუ კარგად გაწერილი და ჩამოყალიბებული არ არის, შემდგომში ეს ყველაფერი რთულად იმუშავებს.
მთვარის კრიტიკულ დღეებში, განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანთათვის სასიკეთოა: კონტრასტული შხაპი, ბუნებაში ყოფნა, დასვენება, ლოცვა, მედიტაცია, იოგას ვარჯიშები, საკუთარ თავში ჩაღრმავება და გაგება იმისა, თუ რას აკეთებს ადამიანი არასწორად და საით უნდა შეცვალოს მსოფლმხედველობა.
სავსემთვარეობა ხდება მე-12 სახლის მმართველში, შესაბამისად ასეთ დღეს სამყაროს ყურადღება მიმართული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეუძლიათ ადამიანებს ამ ნიშნის დადებითი თვისებების წარმოჩენა და უარყოფითის განმუხტვა. შეეცადეთ, რომ მეტად აპატიოთ, მიუტევოთ, ბევრი ილოცოთ, შეხება გქონდეთ სამყაროს დადებით ძალებთან, არ დაიბნეთ და არ აღმოჩნდეთ ქაოსსა და იდუმალებაში, ნუ იქნებით ზედმეტად იზოლირებულნი, პირიქით საღად იაზროვნეთ და რაც მთავარია - არ შეხვიდეთ გაუგებრობაში.
თუ რაიმე მნიშვნელოვანი გაქვთ გადასაწყვეტი, უმჯობესია რომ ამ ხანებში შეეშვათ თითქმის ნებისმიერ საქმეს, აღნიშნული უბრალოდ არ იმუშავებს, გამართულად არ იფუნქციონირებს, ნაბიჯის გადადგმა იქნება აზრს მოკლებული. არ მოაწეროთ ხელი მნიშვნელოვან დოკუმენტებს, არ შეიძინოთ ტექნიკა, მოერიდეთ დიდ მიმოსვლა-გადაადგილებებს, ტრანზაქციებს, კაპიტალ-დაბანდებებს, ქონებრივ შენაძენებს და სხვა. სჯობს ეს სხვა პერიოდისთვის გადადოთ. შეიძლება რომელიმე თქვენგანის პირადი რუქით სულაც სასარგებლო იყოს ამ დღეს ასეთი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ზოგადი ფონი დაძაბულია. წინასწარ ნაღმს ნუ ჩადებთ შემდგომი სვლების - კეთილდღეობისათვის.
მეტად დაისვენეთ, შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით. კარგია ლოცვა, იოგა, მედიტაციური ვარჯიში, ჰარმონიული კონტაქტები, კონსტრასტული შხაპი და სასურველი საქმიანობით დაკავება.
გისურვებთ წარმატებებს!
ასტროლოგი გიორგი ლობჟანიძე
წყარო: astrologi.ambebi.ge