მთვარე ზოდიაქოს ნიშნებში - მთვარე ტყუპში
მათთვის ვინც ასე თუ ისე ერკვევა ასტროლოგიაში, კარგად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ ადამიანის ძირითად სახასიათო შტრიხებს მზის (ცნობიერი) და მთვარის (ქვეცნობიერი) კონფიგურაციები აყალიბებს . ამიტომ რაც უფრო ჰარმონიულია პიროვნების ნატალურ რუკაში მზე-მთვარის კომბინაცია (განლაგებულია ისინი ერთი და იგივე ან მონათესავე სტიქიაში), მით უფრო გაწონასწორებულ და ჰარმონიულ ინდივიდთან გვაქვს საქმე.
თუმცა, მოდით, უფრო დეტალურად გავეცნოთ მთვარის მდებარეობას ნიშნებში:
მთვარე ტყუპის ზოდიაქოში
თუკი თქვენს ნატალურ რუკაში მთვარე ტყუპის ზოდიაქოშია განთავსებული, თქვენ უზომოდ კომუნიკაბელური, ცნობისმოყვარე და ცვალებადი ტიპაჟი იქნებით. თქვენი ემოციური ბუნება მუდმივად მოითხოვს სიახლეებს, მრავალფეროვნებას და ბევრ ინფორმაციას. ამიტომ, მთვარით ტყუპი ფაქტობრივად დეპრესიაში ვარდება თუ რაიმე მიზეზით იძულებულია ინფორმაციულ ვაკუუმში ან ადამიანებისგან იზოლაციაში იყოს. მთვარე ტყუპის ზოდიაქოში, მოლაპარაკე და გახსნილია. მას ყველაფერი აინტერესებს ამ ქვეყნად, ამიტომ ასტროლოგები სხვაგვარად ამ მთვარეს "ჟურნალისტების მთვარეს" ეძახიან. არც ისაა გასაკვირი, რომ საკმაოდ ბევრი ჟურნალისტი იბადება მთვარის ზუსტად ამ მდებარეობით. თუმცა ღირსებებთან ერთად, მთვარით ტყუპს საკმაოდ ბევრი ნაკლიც გააჩნია. კერძოდ ის, რომ მას იშვიათად ეხერხება ვინმეს ან რაიმეს მიმართ ხანგრძლივად შეინარჩუნოს გრძნობა ან ინტერესი. მისთვის ბორკილების ტოლფასია იმის წარმოდგენა, რომ წინ ერთფეროვნება ელოდება... თუნდაც, ეს ერთფეროვნება სამოთხეში იყოს, მთვარით ტყუპს აუცილებლად შეიპყრობს პანიკა. ამიტომაც არ არის გასაკვირი ის ფაქტი, რომ ადამიანები მთვარის ამგვარი მდებარეობით ან რამდენჯერმე ქორწინებიან, ან ერთხელ და გვიან. თუმცა ხანდაზმულ ასაკში, როცა იგი მაინც ხდება იძულებული ბედი ვინმეს დაუკავშიროს, ის საკუთარ მოთხოვნილებას მრავალფეროვნებისადმი წიგნებითა და თვითერუდიციით დაიკმაყოფილებს. ხშირად მთვარით ტყუპი გაცილებით უფრო სენსიტიურია ადამიანების თვალში, უგულო და უემოციოც მოსჩანს. თუმცა ამასაც აქვს თავისი გამართლება. მთვარეს მერკურით მართულ ნიშანში, რა გასაკვირია რომ ურთიერთობისას აზრები უფრო აინტერესებს ვიდრე ემოციები და ცრემლების ღვარღვარი? სამაგიეროდ, მასავით ვერავინ შესძლებს თქვენს პრობლემებში დეტალურად გარკვევას. ყველაფრის გამოძიებას და ნაწილ-ნაწილ დაშლას. მთვარით ტყუპის საყვარელი საქმიანობა ხომ დაკვირვება და მსჯელობაა. ამიტომ ვინმესთან კამათი ამა თუ იმ საკითხზე, მისთვის ერთგვარი განტვირთვაც კია.
მართალია ამ ადამიანის გონება ხშირად სრულიად ქაოსური აზრებითაა სავსე, მაგრამ მხოლოდ მას შესწევს ძალა ზღვა ინფორმაცია დაიტიოს საკუთარ ტვინში, შემდეგ კი ეს ინფორმაცია სხვებსაც გულუხვად გაუზიაროს. ცვალებადი ხასიათის გამო, ეს ადამიანები შესანიშნავად ერგებიან ახალ გარემოს და უპრობლემოდ ლავირებენ სოციუმში. ხშირად მთვარით ტყუპს (ტყუპის ზოდიაქოს ორსახოვნების გამო) არა ერთი, არამედ ორი ან სამი პროფესიაც კი გააჩნიათ. მაგრამ ისინი მაინც ყველაფერს ასწრებენ და კიდევ რჩებათ დრო სადისკუსიოდ და სალაქლაქოდ. მთვარით ტყუპს, როგორც წესი, ძალიან მოქნილი ხელები აქვს, შესაბამისად მათ დიდ ნაწილს ეხერხება ხელსაქმე. ქალებს ქარგვა, კერვა, ქსოვა. მამაკაცებს გაფუჭებული ნივთების დაშლა-აწყობა და ა.შ.
ამ ადამიანს უზომოდ განვითარებული ინტუიცია გააჩნია, ამასთან ერთად, იგი უმცირეს დეტალებასც კი ამჩნევს. შესაბამისად, მისთვის ძალზე ადვილია ნებისმიერი პრობლემის არსში წვდომა და ნაკლოვანებების აღმოჩენა. მთვარის ამ მდებარეობით დაბადებულ ადამიანებს კარგად გამოსდით ისეთი პროფესიის ათვისება რომელიც ხელის სისწრაფესა და მოქნილობასთანაა უშუალო კავშირში, მაგალითად: მხატვრობა, მწერლობა, ფოტოგრაფობა, ქირურგია და ა.შ. ეს არის ძლიერი ინტელექტუალური პოტენციალის მქონე მთვარე, რომელიც მფლობელს მთელი სიცოცხლის მანძილზე უბიძგებს შემეცნებისა და გონებრივი განვითარებისკენ. თუმცა მიდმივი გონებრივი აქტივობის გამო, მთვარით ტყუპი მალე იღლება. ამიტომ მათ სრულფასოვანი დასვენება, ძილი და ემოციური განტვირთვა ესაჭიროებათ პერიოდულად, რათა გონებრივმა დაღლამ მათ ნერვულ სისტემასაც არ შეუქმნას საფრთხე.
ქალის ჰოროსკოპში მთვარის ამგვარი მდებარეობა მიანიშნებს იმას, რომ მას გარკვეული გულგრილობა ახასიათებს ოჯახის, საკუთარი კერის ქონისა და შვილების გაჩენის მიმართ. ხოლო მამაკაცის რუკაში მთვარის მსგავსი განლაგება ნიშნავს იმას, რომ ამ პიროვნებას ინტელექტუალური, ჭკვიანი და სოციალურად აქტიური ქალბატონები ხიბლავს.
წყარო: astrologi.ambebi.ge