თეგებით ძიება

იუპიტერის ტრანზიტი კირჩხიბში - ანუ რა ელით დასაოჯახებლებს და ემიგრანტებს?

26 ივნისს, დილის 03.47 წუთზე პლანეტა იუპიტერი ტყუპის ზოდიაქოს დატოვებს და უახლოესი ერთი წლის ვადით კირჩხიბის ზოდიაქოში გადაინაცვლებს. აქ იგი ზუსტად მომავალი წლის 16 ივლისამდე დაჰყოფს. კირჩხიბის ზოდიაქო იუპიტერისთვის საკმაოდ კარგი ადგილსამყოფელია, აქ იგი თავს არც უცხოდ გრძნობს, არც მისი უფლება-მოვალეობებია შეზუდული და არც საკუთარი დადებითი ფუნქციების გამოვლენა უჭირს. იუპიტერი თავისი არსით ე.წ. "გაფართოება-გაბევრების" პლანეტაა. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ თუ იგი კირჩხიბის ზოდიაქოში ყოფნისას, დემოგრაფიული საკითხების დადებითად გადაწყვეტაზეც იზრუნებს, ზოგიერთს რემონტის გაკეთების ჭია შეუძვრება, ზოგს კი საერთოდ ახალ (უფრო დიდ) ბინაში გადასვლის დაუძლეველი სურვილი.
კირჩხიბის ზოდიაქოში ყოფნისას, ტყუპის შემდეგ იუპიტერი ვერბალურ კონტაქტებს უკვე ემოციური კავშირების გაღრმავებით ჩაანაცვლებს. გააქტიურდება პატრიოტიზმის, ეროვნულობის, საკუთარი ფესვების მიმართ ინტერესი და ზრუნვა. ადამიანები უფრო მზრუნველი გახდებიან ოჯახის წევრების მისამართით. უფრო მეტიც, ბევრი სწორედ ამ პერიოდში მოინდომებს შექმნას უკვე საკუთარი კერა.

თუმცაღა პოლიტიკური კუთხით, იმ შემთხვევაში თუ იუპიტერი ურანთან და პლუტონთან დაძაბულ ასპექტებს გააკეთებს, ამა თუ იმ ქვეყანაში შესაძლებელია გააქტიურდეს დაპირისპირებები ეროვნულ ან ნაციონალურ ნიადაგზე. ზოგადად სასურველია იუპიტერის ამგვარი ტრანზიტის დროს, ნაკლებად მოხდეს ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, განსაკუთრებით რასობრივი.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ იუპიტერის ცუდი ასპექტირებისას, მაშინ როცა იგი კირჩხიბის ზოდიაქოს გადიოდა, ჩაისახა თავის დროზე ფაშიზმი და ზოგადად ჰიტლერის დიქტატურა. აქედან გამომდინარე, სასურველი იქნება თუ ნებისმიერი სახის ექსტრემიზმს იქნება ეს რელიგიური, რასისტული თუ იდეოლოგიური მაქსიმალურად აღვკვეთავთ ჩვენ გარშემო და განვითარების შანსს ნაკლებად მივცემთ.

იუპიტერის ტრანზიტი კირჩხიბის ზოდიაქოში, განსაკუთრებით გააძლიერებს ხელოვან ადამიანებში პროფესიულ საქმიანობას ისტორიული თემატიკის კუთხით. ამიტომ შემოქმედი პიროვნებები, ვინც სწორედ ამ ჟანრს უკავშირებს საკუთარი მოღვაწეობის არეალს (კინო, თეატრი, მხატვრობა) საკმაოდ დიდ აღიარებასა და დაფასებას მოიპოვებენ წლევანდელ წელს, არამარტო საერთაშორისო არენაზე, არამედ საკუთარ თანამემამულეებს შორის, რაც დამეთანხმებით გაცილებით უფრო რთულად მისაღწევი რამაა ჩვენს ქვეყანაში.
იუპიტერის სახეცვლილება არც მოდურ ტენდენციებს დატოვებს ხელშეუხებლად. გაძლიერდება რეტრო ტენდენციები. მოდაში შემოვა ე.წ. "პასტორალური სტილი" და ეთნო-მოტივები.
იუპიტერის გადასვლა კირჩხიბში, ყველაზე მეტად ემიგრანტებზე მოახდენს გავლენას. სამშობლოდან შორს მცხოვრებ ადამიანებში გაძლიერდება ნოსტალგია საკუთარი ფესვების მიმართ. ბევრი მათგანი სამშობლოში საბოლოოდ დაბრუნების გადაწყვეტილებასაც სწორედ ამ პერიოდში მიიღებს. ამას გარდა, გაიზრდება ზოგადად დაოჯახების ტენდენცია. აქტუალურად დადგება დღის წესრიგში ბავშვებზე ზრუნვის საკითხი. ხელისუფლების მხრიდან უპატრონო და მიუსაფარ ბავშვთა უფლებების დაცვა განსაკუთრებულად პრიორიტეტული იქნება.
ის ბავშვები კი რომელთაც იუპიტერის ამგვარი განლაგებით უწევთ დაბადება, ძირითადად თბილ და სტაბილურ ოჯახურ გარემოში გაიზრდებიან. მათ ყოველთვის ექნებათ უღრუბლო ბავშვობა ლამაზ მოსაგონრად. ხოლო თუ პირად რუკაში იუპიტერს განსაკუთრებული დაზიანება არ აღენიშნება, მათგან გულუხვი და ნიჭიერი პიროვნებები დადგებიან. რომელთაც ძალა შესწევთ საკუთარი ადამიანურობით და სულიერებით გარშემო მყოფებსაც მიანიჭონ სიმშვიდე და სიხარული.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა