რას გვიქადის ლილიტის ტრანზიტი კირჩხიბში
ბოლო პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი პლანეტარული კონფიგურაციის ცვლაა მოსალოდნელი, მათ შორის უმთავრესია შავი მთვარის ანუ ლილიტის "გადაბარგება" ტყუპის ზოდიაქოდან კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში. ეს საპასუხისმგებლო მოვლენა, 9 ივნისს, ზუსტად დილის 11 საათსა და 11 წუთზე მოხდა. ლილიტი, როგორც ასტროლოგიაში ჩახედული ადამიანებისთვის არის ცნობილი, პიროვნების "ჩრდილოვანი" მხარის კურატორია. ამიტომ მისი მდებარეობის მიხედვით, პირად რუკაში დგინდება ის თუ სად, რომელ სფეროში და როგორ სიტუაციაში ელის ადამიანს ე.წ. "ფარული საფრთხეები" და სხვადასხვა სახის ცდუნება. თუმცა იმის მიხედვით, როგორი განლაგება აქვს ლილიტს ტრანზიტულად, ვლინდება ის, თუ რა სახის მოვლენებს უნდა ველოდოთ ზოგადად მსოფლიოში და მათ შორის ადამიანების ცხოვრებაში.
ლილიტი თითოეულ ზოდიაქოს ნიშანში, ტრანზიტულად ერთ წელს ატარებს. სანამ იგი ტყუპის ზოდიაქოს გადიოდა, საზოგადოება არაერთი ინფორმაციული სახის დუელის მომსწრე გახდა – ტყუპი ხომ ვერბალური კომუნიკაციის ნიშანია. ამჯერად ლილიტი კირჩხიბის ზოდიაქოს გაუწევს "დიასახლისობას"; რაც იმას ნიშნავს, რომ იუპიტერთან ერთად, რომელიც სულ მალე დაიკავებს იგივე კირჩხიბის ზოდიაქოს, კიბორჩხალას "ჩრდილოვან" მხარეებს ერთი ორად გაზრდის და გააძლიერებს (იუპიტერი ხომ თავის მხრივ გაფართოების პლანეტაა). თუმცა, მოდით ცოტა უფრო ზუსტად განვიხილოთ, ის თუ კონკრეტულად რა გავლენას უნდა ველოდოთ შავი მთვარის ამ "ახალი" მდებარეობისგან.
პირველ რიგში ვისაუბროთ იმაზე, თუ რას ნიშნავს თავად ტერმინოლოგია "ლილიტი კირჩხიბის ზოდიაქოში" – ეს არის საკუთარი ფესვების, წინაპრების, ტრადიციების მიმართ აგდებული დამოკიდებულება. საკუთარ ოჯახთან, ხალხთან ვერთავსებადობის პრობლემა (თუმცა ამ დროს რეალურად პრობლემა თავად პიროვნებაშია – ლილიტი უბრალოდ "უკუღმა" ანახებს მას სიტუაციას). აქედან გამომდინარე, ლილიტის გადასვლა კირჩხიბში დიდი ალბათობით გააძლიერებს რელიგიურ ან ეროვნულ ექსტრემიზმს. პატრიოტიზმის ცნების არასწორ გაგებას. ზოგადად ეროვნული იდეოლოგიის სახელით არასწორი ქმედებების ჩადენის ალბათობას (ლილიტს კირჩხიბში ხომ არასწორად ესმის თავად სიტყვა პატრიოტიზმი). ლილიტი კირჩხიბში ხშირად არის მიჩნეული ე.წ. "შთამომავლობითი კარმის" სიმბოლოდ ამა თუ იმ ადამიანის პირად რუკაში. აქედან გამომდინარე, მისი ტრანზიტული მდებარეობის დროს სასურველია მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ოჯახურ ფასეულობებს. ვიზრუნოთ საკუთარი ოჯახის წევრებზე. გამოვხატოთ მათ მიმართ პატივისცემა და სიყვარული. გავაძლიეროთ ზოგადად ოჯახის, კლანურობის ინსტიტუტი. მხოლოდ ამ გზით შეიძლება ტრანზიტული ლილიტის "განეიტრალება". ნუ ეძებთ ბედნიერებას ოჯახს გარეთ, ნუ შეიქმნით ილუზიას რომ "სხვაგან" უფრო კარგად იქნებით. ცნობილი ფაქტია, სადაც ჩვენ არ ვართ ყოველთვის უკეთესი გვგონია. საკუთარი სახლიდან, ოჯახიდან (ოჯახის წევრებთან ურთიერთობით) დაიწყეთ ცხოვრების დალაგება. ტრანზიტული ლილიტი, თუ იგი პირად რუკაში თქვენს რომელიმე პლანეტას "ჩაებმება" და აამუშავებს, სხვადასხვა სახის ილუზიას გამოიწვევს ამა თუ იმ სფეროში. ამიტომ ამ მხრივაც კარგად უნდა იყოთ "შეიარაღებული".
Astrologia
თუკი ლილიტი თქვენს ასცენდენტს შეეხება – თქვენ ბევრი ადამიანის "უნიღბოდ" დანახვის პერიოდი დაგიდგებათ. თუმცა ცდუნება ისაა, რომ მათთან ნეგატიური დამოკიდებულებით, თქვენ რისკავთ იმას, რომ საფუძველი ჩაუყაროთ 9-წლიან ცვლილებას საკუთარ ხასიათში – უარესობისკენ! ამიტომ შეეცადეთ, ნებისმიერ იმედის გაცრუებას მხოლოდ და მხოლოდ პოზიტივით ებრძოლოთ. აგრესია აგრესიით არასოდეს დაიძლევა!
იმ შემთხვევაში თუ ტრანზიტული ლილიტი თქვენს დესცედენტს შეეხო – "თვალები აგეხილებათ" საკუთარ ფარულ მტრებზე. ამას გარდა, სწორედ ამ პერიოდში გაქვთ შანსი, ერთხელ და სამუდამოდ გაწყვიტოთ ურთიერთობა მტანჯველ სასიყვარულო პარტნიორთან, რომელთან ურთიერთობასაც აქამდე ვერა და ვერ უსვამდით წერტილს. თუმცა თუ ფრთხილად არ იქნებით, შესაძლოა პირიქით შეიძინოთ ამგვარი ტიპის მეორე ნახევარი, რომელთან ურთიერთობაც მომდევნო 9 წლის მანძილზე მოგიწამლავთ ცხოვრებას!
თუკი ტრანზიტული ლილიტი თქვენს მედიუმ ქოელს დაუკავშირდა - მაღალგანვითარებული ადამიანისთვის, შესანიშნავ შანსს ნიშნავს საიმისოდ, რომ საბოლოოდ დაამარცხოს და გადალახოს კარიერულ გზაზე, ხელის შემშლელი ფაქტორები. უარყოფით შემთხვევაში კი მიზანი ქიმერული ხდება, ადამიანი იწყებს აბსოლუტურად არარეალური მიზნისკენ სვლას და ამისთვის უკან არ იხევს არც ტყუილზე, არც ცილისწამებაზე.
დაბოლოს, როცა ტრანზიტული ლილიტი თქვენს მეოთხე სახლს უერთდება (იგივე IC) – სულიერად მაღალგანვითარებული ინდივიდისთვის ეს არის შანსი, უკეთ გაერკვეს საკუთარი გვარის კარმულ მისიაში, შეისწავლოს წინაპრების ისტორია და ამ გზით გააცნობიეროს საკუთარი დანიშნულება ამქვეყნად. მის წინაშე გაცხადდება ძალიან ბევრი საიდუმლო (ხშირად სიზმრების სახით), რომელიც მას გარდაცვლილი წინაპრებისგან ერგო. ამით იგი შეძლებს დაამუშაოს კარმული ვალები და გადავიდეს ცნობიერების უფრო მაღალ დონეზე. იმ შემთხვევაში კი როცა ადამიანის სულიერი განვითარების დონე დაბალია, იგი ლილიტის ტრანზიტისას, იწყებს ომს საკუთარი სანათესაოს წინააღმდეგ. უგულებელყოფს წინაპრების ღვაწლს, უფრო მეტიც ხშირად შეურაცხოფს მათ და ცდილობს სამუდამოდ გაემიჯნოს საგვარეულო შტოს. რაც მისთვის მომავალში ერთობ ტრაგიკული შედეგებით დასრულდება.
წყარო: astrologi.ambebi.ge