რომელი მხატვრის შემოქმედება შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
თუ ხელოვნება გიყვართ, ალბათ გაინტერესებთ ყველაზე კარგად რომელ მხატვარს შეუძლია თქვენი შინაგანი სამყაროს, ფიქრებისა და დარდის გადმოცემა თავის ტილოებზე.
თევზები - ვან გოგი
ვინსენტ ვან გოგი (1853-1890) _ შემოქმედებითი, საკაცობრიო და ცხოვრებისეული გენია. განსაკუთრებული ძალისა და ექსპრესიული ენერგიის წყალობით მის ნამუშევრებს ყველა ტიპის ადამიანის მოხიბვლა შეუძლია. ტანჯვითა და შეჭირვებით აღსავსე ხანმოკლე სიცოცხლე, სიგიჟე, რომელსაც ტრაგიკული აღსასრული მოჰყვა, დიდი ჰოლანდიელი მხატვრის ცხოვრებისეული დეკორაციაა. მან შექმნა განუმეორებელი სტილი თავის ჟანრში - დინამიკური, ვიბრაციული და მშფოთვარე. XIX საუკუნის მიწურულს მოახერხა ავანგარდისტულისა და ზოგადსაკაცობრიო ცნებების შეხამება. თავისი მრავალფეროვანი პალიტრით ვან გოგმა ხელოვნების ისტორიაში სრულიად ახლებურად ასახა პეიზაჟები, პერსონაჟები და საგნები.
მშვილდოსანი - ლეონარდო და ვინჩი
დასავლეთ ევროპის ხელოვნების ისტორიაში არც ერთი სხვა ხელოვანი არ განასახიერებს ისე სრულად გენიოსის ცნებას, როგორც ლეონარდო და ვინჩი (1452-1519). იმ ეპოქაში, როდესაც ღრმა და რადიკალური ცვლილებები ხდებოდა სოციალურ, პოლიტიკურ და ტექნოლოგიურ სფეროებში, ამ უნიჭიერესმა ადამიანმა, რომელსაც ცოდნის მიღების დაუოკებელი წყურვილი კლავდა, გამოიკვლია და ერთმანეთს დაუკავშირა ხელოვნება და მეცნიერება, აქამდე უცნობ საზღვრებამდე განავრცო ცოდნისა და მშვენიერების ჰორიზონტები. მას საოცარი ალღო კარნახობდა მფრინავი აპარატებისა თუ ციხესიმაგრეების პროექტების შექმნას, ადამიანის ანატომიის ზედმიწევნით შესწავლასა და ქაღალდზე გადატანას. ლეონარდო და ვინჩიმ ახალი გზები გაკვალა ხელოვნებაში და ყველა დროის უშესანიშნავესი ფერწერული ნამუშევრები შექმნა.
კურო - რემბრანტი
მეწისქვილის ვაჟი, რემბრანდტი (1606-1669) თანამემამულეებმა ჰოლანდიური ფერწერის უდიდეს ოსტატად აღიარეს, მერე კი, როცა გაღატაკდა, გარიყეს. დღეს უდავოა, რომ იგი მსოფლიოს ყველა დროის ფერწერის დიდოსტატია, რომ უბადლოდ გადმოგვცა გარემო და ეპოქა. ბიბლიური გმირებისა თუ ოლიმპის ღმერთების ტილოზე გასაცოცხლებლად იგი თავის მეზობლებს ხატავდა. ყველას შეეძლო საკუთარი თავის ამოცნობა მის ტილოებზე ასახულ ზღაპრულ ამბებში. მხოლოდ მასავით ჰუმანურ კაცს ხელეწიფებოდა მიეგნო იმ ფაქიზი სიმებისთვის, ცასა და დედამიწას რომ აკავშირებდა.
კირჩხიბი - ამადეო მოდილიანი
ამედეო მოდილიანი (1884-1920) - მხატვარი, რომელიც თავისი განუმეორებელი სტილით დამკვიდრდა ხელოვნების ისტორიაში. მისი შემოქმედება არ ცნობდა ჩარჩოებს, ის დროზე მაღლა იდგა. მოდილიანი გულგრილი იყო მოდისა და სურათებით მოვაჭრეთა მოთხოვნების მიმართ. მას ადამიანი აინტერესებდა, მისი ღრმა ფსიქოლოგია, სულიერი მდგომარეობა. მოდილიანიმ შეძლო და არ მოექცა არც ერთი გავლენის ქვეშ. მაშინ, როცა სხვებს მოდურობის გამო ხელისგულზე ატარებდნენ, ის `შეუმჩნეველი~ რჩებოდა, მის სიცოცხლეში გამართული ერთადერთი პერსონალური გამოფენა კი პოლიციელთა დაჟინებით დახურეს. მაინც არ დათმო საკუთარი სტილი - აზროვნებისა და ხედვის თავისუფლება. შეინარჩუნა ის, რის გამოც სიკვდილის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ მხატვრად იქცა და მსოფლიო სახელი და დიდება მოიპოვა.
სასწორი - კლოდ მონე
კლოდ-ოსკარ მონე (1840-1920) იმ ფერწერული ტრანსფორმაციის მამოძრავებელი ძალაა, რომელმაც სათავე დაუდო იმპრესიონიზმს, როგორც ახალ მიმდინარეობას. რენუართან ერთად იგი ამ მიმდინარეობის წინამძღვარია. ხატავს ისე, როგორც ცხოვრობს: ვნებითა და თავგანწირვით. ცოდნისა და ექსპერიმენტის ბოლო ზღვრამდე მიყვანით მონე
რეალობად აქცევს ყველაზე გაბედულ ოცნებებს. მაგალითად, ასეთია მისი სახელგანთქმული"ჟივერნის ბაღი", სადაც ეგზოტიკური ყვავილებისა და წყლის ერთობლიობა გასაოცარ სანახაობას ქმნის, რომელსაც მხატვარი თავის უკანასკნელ ტილოებზე უკვდავყოფს. შემოქმედებითი ენერგიით ჭარბად დაჯილდოებული მონესათვის არც ერთი პროექტი არ არის ამბიციური, სწორედ ამიტომ ქმნის ისეთ შემოქმედებას, რომელმაც განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა XX საუკუნის ხელოვნებაში.
მერწყული - დალი
სალვადორ დალის (1904-1989), ესპანელ ფერმწერს, გრაფიკოსს, მოქანდაკეს, რეჟისორსა და მწერალს, სიურრეალიზმის გენიას უწოდებენ. მრავალმხრივი ნიჭის მქონე შემოქმედმა დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიო კულტურასა და ხელოვნებაზე. რასაც უნდა მისწვდენოდა ოსტატის ხელი, უცილობლად შედევრი იბადებოდა, - იქნებოდა ფოტოგრაფია, კინემატოგრაფი, მულტიპლიკაცია, ლიტერატურა თუ რეკლამა. კატალონიელ მხატვარს ევიწროებოდა თავისი დროება: საოცარი გონებისა და წარმოსახვის წყალობით ის საგანთა და თვით სამყაროს არსს ჩასწვდა, დაუფარავად აშიშვლებდა საკუთარ მსოფლმხედველობას და ქმნიდა სიურრეალისტურ სურათებს, სავსეს წინააღმდეგობრივი სახეებით. გასულმა საუკუნემ მსოფლიოს არაერთი გენიოსი აჩუქა და მათ შორის სალვადორ დალი ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვანია.
ვერძი - რაფაელი
რაფაელ სანტი (1483-1520) - ცნობილი რაფაელის სახელით, ლეონარდო და ვინჩისა და მიქელანჯელო ბუონაროტისთან ერთად, ხელოვნების ისტორიისა და რენესანსის ეპოქის უდიდესი წარმომადგენელია. ურბინოს საჰერცოგოს კარის მხატვრის დიდი ნიჭითა და კომპოზიციური გემოვნებით დაჯილდოებული ვაჟის ელეგანტურობა და ოსტატობა არისტოკრატიული განათლების შედეგი იყო. ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, ფორმისა და შინაარსის შეუდარებელი ერთიანობის წყალობით, რაფაელი უნიკალური შემოქმედების ავტორი, ვატიკანის სტანცების მხატვარი, არქიტექტორი და ანტიკური ხელოვნების თაყვანისმცემელი გახლდათ. ის საქვეყნოდ არის აღიარებული როგორც დიდებული სილამაზითა და სათნოებით გამორჩეული მადონების მხატვარი, რაც ღვთიური და ადამიანური საწყისის დაზავების უნივერსალური მოდელია.
ტყუპი - პიკასო
პაბლო პიკასოს (1881-1973), ეროვნებით ესპანელი ფრანგი მხატვრის, შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის ხელოვნებაზე. მხატვრის ცხოვრება და შემოქმედება აღსავსე იყო წინააღმდეგობებით, მან რთული გზა გაიარა. ალბათ, არ მოიძებნება მხატვარი, რომელზეც ამდენს კამათობდნენ და კამათობენ დღესაც, - ზოგი ქებას ასხამს, ზოგი კი განაქიქებს. რესპუბლიკურმა ესპანეთმა ის პრადოს მუზეუმის დირექტორად დანიშნა, პოლონეთმა ორდენით დააჯილდოვა, ჰიტლერმა მისი ნამუშევრების მუზეუმებიდან გატანა ბრძანა, ტრუმენმა კი მის ხელოვნებას "გამრყვნელი" უწოდა. მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ასეულობით წიგნი დაიწერა, მას უძღვნიდნენ ტრაქტატებსა და პოემებს. მისი ნამუშევრები მსოფლიოს თითქმის ყველა დედაქალაქის მუზეუმებშია დაცული. პიკასო - მხატვარი, მოქანდაკე, თეატრალური დეკორატორი, გრაფიკოსი და კერამიკოსი - იყო დიდოსტატი თავისი შემოქმედების ყველა ეტაპზე: ცისფერ, ვარდისფერ, მოდერნისტულ, კუბისტურ, კლასიცისტურ თუ სიურრეალისტურ ეპოქებში.
თხის რქა - რენუარი
პიერ-ოგიუსტ რენუარი (1841-1919), იმპრესიონიზმის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი მონესთან ერთად, XIX საუკუნის მიწურულის პარიზული ბოჰემით ცხოვრობდა. მისი ტილოებიდან გამოსჭვივის თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სიცოცხლის სიხარული. რენუარის სახელი სამუდამოდ დაუკავშირდა მეჯლისებს, ქალებსა და მონმარტრის ცხოვრებას, ასევე ეპოქის გავლენიან ადამიანებს (გამომცემლებს, ბანკირებს, დიდებულებს), რომელთა პორტრეტებსაც ხატავდა ან სახლებს უფორმებდა. ავადმყოფობამ ხელოვანს საქმიანობა ტანჯვად უქცია, მაგრამ როგორც სიცოცხლის მიწურულს ამბობდა, ერთი დღეც ვერ წარმოედგინა ხატვის გარეშე.
რენუარის ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარია "ჭაობი"
ქალწული - ბოტიჩელი
ალესანდრო ფილიპეპი, ანუ სანდრო ბოტიჩელი (1444-1510), ფერწერის ისტორიაში განუმეორებელი შემოქმედებითი სამყაროთი შევიდა. ღრმად მორწმუნე და ამავდროულად მშვენიერების მოტრფიალე, გულჩათხრობილი და ამავდროულად ხალისიანი მხატვარი, რენესანსის სიმბოლოდ იქცა. მისი ნამუშევრები მოსწონდათ და აღიზიანებდათ კიდეც თანამედროვეებს. ბოტიჩელი სილამაზის უბერებელი მომღერალია. მისი მემკვიდრეობა საუკუნეების შემდგომაც აღაფრთოვანებს მნახველს. ღვთის შიშითა და სიცოცხლის სიყვარულით აღბეჭდილმა სურათებმა ბოტიჩელი უკვდავებას აზიარა.
მორიელი - აივაზოვსკი
ივან აივაზოვსკი (1817-1900), შესანიშნავი მხატვარი-მარინისტი, თავისი დროის რუსეთში ერთ-ერთი გამორჩეული ფერმწერი, წარმოშობით სომეხი იყო. მისი შემოქმედება არა მარტო რუსეთისა და სომხეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია. მას სიცოცხლეშივე უწოდეს "ზღვის მეფე". აივაზოვსკის მარინისტული პეიზაჟები აღაფრთოვანებს მნახველს. როგორც მხატვარი ამბობდა, მისთვის მნიშვნელოვანი იყო არა ბუნების სტიქიის გადატანა ტილოზე, არამედ თავად რასაც გრძნობდა და განიცდიდა, რაც მის მეხსიერებას შერჩენოდა, როგორც უკვდავი ღირებულება. სწორედ ეს არის აივაზოვსკის ფერწერის ღირსება.
აივაზოვსკის ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარია "ნეაპოლის ყურე მთვარიან ღამეში"
ლომი - რუბენსი
პეტერ პაულ რუბენსი (1577-1640), ძირითადად, ბაროკოს სტილის წარმომადგენელია. კლასიკური ხელოვნებისა და XV საუკუნის დიდი მხატვრების შესწავლის შემდეგ მან იტალიიდან ანტვერპენში გადმოიტანა დიდი კომპოზიციების, სინათლის ეფექტისა და ფერთა შეხამების სიყვარული. ეკლესიებსა და სასახლეებში გამოფენილი დინამიზმით სავსე მისი ნამუშევრები, რომლებიც მოგვიანებით მისაბაძ მაგალითად იქცა, აღაფრთოვანებდა მეფეებსა თუ წარჩინებულთ. განათლებულ, ბურჟუა და დიპლომატ რუბენსს არასოდეს დავიწყებია თავისი ფლამანდიური ფესვები და იტალიელ ხელოვანთა მშვენიერების იდეალს შესანიშნავად უთავსებდა ფლამანდიური ფერწერისთვის ტრადიციულ რეალობის ასახვას. ამ შეთავსების შედეგია მისი ხორცსავსე ქალების ფიგურები, რომლებსაც დიდი წარმატება ხვდათ. მიუხედავად უამრავი ნამუშევრისა, დიდმა პროფესიულმა პასუხისმგებლობამ რუბენსი გავლენიან მხატვრად აქცია, რომელსაც გვერდს ვერ აუვლი და რომლის მნიშვნელობაც მის ეპოქას გასცდა.
რუბენსის ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარია "რუბენსი, მისი ცოლი და ვაჟი"
თუ გიოცნებიათ მსოფლიოში აღიარებული ამ უდიდესი მხატვრების ტილოების საკუთარ კოლექციაზე, უკვე შეგიძლიათ აიხდინოთ ეს ოცნება. თქვენ მიიღებთ ორიგინალთან მიახლოებულ ანალოგს, რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე. 1-ლი დეკემბრიდან გადახედეთ 30 დიდი მხატვრის შემოქმედებას, პირადად შეარჩიეთ თქვენი სასურველი 12 მხატვარი, მათი ტილოები და შექმენით საკუთარი კოლექცია.
ჩაერთეთ პროექტში "დიდი მხატვრები" სრულიად უფასოდ.
წყარო: astrologi.ambebi.ge