თინუსის რულეტები გია ნაცვლიშვილისაგან
“გემრიელის” სტუმარი, ანსამბლ "ოთხი გიას" ერთ-ერთი წევრი, მომღერალი გია ნაცვლიშვილი გახლავთ. იგი არა მხოლოდ კარგი მომღერალი, არამედ არაჩვეულებრივი კულინარიცაა. როგორც თავად აცხადებს, ძალიან უყვარს ხორცისა და თევზის დამუშავება და ოჯახში ამ საქმეს არავის ანდობს. გია ამასთან თევზაობითაცაა გატაცებული და როგორც თავგამოდებულმა მეთევზემ ჩვენს მკითხველს თევზის სადღესასწაულო კერძი შესთავაზა.
ინგრედიენტები
ზეთი შესაწვავად
პილპილი
მარილი
ლიმონის წვენი - 4 ს.კ
ბეკონი - 15-20 ფირფიტა
ტარხუნა - 1 კონა
თინუსი - 1 ცალი (2 კგ)
დაკონსერვებული ტკბილი წითელი წიწაკა - 5-7 ცალი
მომზადების წესები
თევზი გავასუფთავოთ, გამოვშიგნოთ და მოვაჭრათ თავი.
ფრთხილად მოვაცილოთ კანი, შემდეგ კი მჭრელი დანით თხელ ფენებად ავაჭრათ ფილეს ნაჭრები.
თევზის თავითა და დარჩენილი ხერხემლით კი შეგვიძლია გემრიელი თევზის წვნიანი მოვამზადოთ. თუ პირდაპირ თევზის ფილეს შევიძენთ, შრომა გაცილებით გაგვიადვილდება.
წვრილად დავჭრათ წიწაკა და ტარხუნა. თევზის ნაჭრებს მოვასხათ ლიმონის წვენი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და კარგად ავურიოთ.
20 წუთის შემდეგ თითოეულ ფილეზე მოვათავსოთ წიწაკა, შემდეგ ტარხუნა და 2-3 ნაწილად გადავკეცოთ ან გადავახვიოთ, შემდეგ გავახვიოთ ბეკონის ნაჭრებში და გავუკეთოთ ხის ჩხირი.
ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და ზედ მოვათავსოთ რულეტები. შევწვათ საშუალო ტემპერატურაზე ყველა მხრიდან, სანამ არ დაწითლდება. სუფრაზე კიტრის მწნილთან ერთად მივიტანოთ.