თეგებით ძიება

„მინდა, რომ ბევრ ოჯახში იტრიალოს პასკის სურნელმა“ - ია მინდაძე-ასათიანი თავისი ცნობილი პასკის რეცეპტს გვიზიარებს

ცნობილი კულინარის ია მინდაძე ასათიანი სოციალურ ქსელში თავისი ცნობილი პასკის რეცეპტს გვიზიარებს:

"ჩემი უუუ--გემრიელესი სააღდგომო ნამცხვარი , პასკა,კულიჩი ,როგორც გინდათ ისე დაუძახეთ, კიდევ ერთხელ მინდა გაგიზიაროთ !

უკვე ბევრმა იცის ჩემი რეცეპტი, წლებია ვდებ სხვადასხვა გვერდსა თუ საიტზე.მინდა რომ ბევრ ოჯახში იტრიალოს პასკის სურნელმა.

ისევ გავმეორდები, არ ინანებთ, თუ გამოაცხობთ!

ბევრმა, ვიცი, შეცვალა თავისი ტრადიციული პასკის რეცეპტი და ჩაანაცვლა ჩემი გამოცდილი რეცეპტით. ერთი მინდა კიდევ ვთქვა, ავთენტური რეცეპტი კულიჩების, ვფიქრობ, არ არსებობს,რადგან რამდენი ოჯახიც არის, იმდენი ინტერპრეტაცია არსებობს.

ვთვლი, რომ ვისაც როგორ გაუხარდება, ისე უნდა დაამზადოს და ჩარჩოში არ უნდა ჩასვან რეცეპტი.

ძალიან კარგად მახსოვს, ბებო როცა დაფუსფუსებდა და ამ რეცეპტით ამზადებდა კულიჩს, რძე თუ არ ჰქონდა, შრატით ამზადებდა , ხაჭოს ან ნადუღსაც ამატებდა. მაწონი და არაჟანი თუ არ გვქონდა, ყაიმაღით ანაცვლებდა

ის რომ ნაღებს ამატებდა, იმით ჩანდა, რომ ახალ გამოწველილ რძეს არ ადუღებდა და ელოდებოდა, როდის მოადგებოდა ნაღები, მოყენებული ნაღები უეჭველი პასკის მასაში ხვდებოდა.

აუუუ, ისე მახსოვს მოხალული კარაქის სუნიი. ბლომად კარაქს რომ გაადნობდა ოდნავ წვისკენ წაიყვანდა, მოხალული თხილის გემოს იღებსო. ეს სიტყვები სულ ტრიალებს ჩემს თავში და ვუღრმავდები მოგონებებს და უამრავ აღმოჩენას ვაკეთებ საუკუნის წინანდელ რეცეპტში.

ჩემ ტკბილ ბებოს ბარბარა ჯორჯაძესთან არ გავაიგივებ, ჩემგან თავხედობა იქნება, მაგრამ ნაკლებიც არ იყო დამერწმუნეთ.

მთავარი!!! პასკაში ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ხარისხიანი!!

თუ არაჟანი არ გაქვთ ნამდვილი, მააშინ მაღალ პროცენტიანი ნაღები გამოიყენეთ! თუ მშრალ საფუარს გამოიყენებთ

შეხედეთ, რომ იყოს ახალი და რაც მთავარია, ტკბილი ცომებისთვის!

პასკა არ იქნება მშრალი, თუ გააკონტროლებთ ღუმელს და ტემპერატურას. ხუთი წუთით მეტიც არ უნდა დააყოვნოთ ღუმელში.

კიდევ მთავარი!!! ცომის შალებში, პლედებში, შუბებში შეფუთვა არ არის საჭირო!, 40 გრადუსი ტემპერატურა არ უნდა გქონდეთ ოთახში, არ გჭირდებათ! უბრალოდ, მოთმინებით მიუდექით და აცადეთ ოთახის ტემპერატურაზე ამოსვლა.

პასკა ია მინდაძე ასათიანისგან

ინგრედიენტები:

10 კვერცხი

1.500კგ შაქარი

1ლ რძე

400გრ კარაქი ( კარაქი მე ავწიე გრამაჟით 600 გრ ზე თუმცა 400 ითაც გადასარევია თუ სხვა რძისნაწარმი ცხიმიანია)

300გრ არაჟანი ან 300 მლ ნაღები

400გრ მაწონი

30-40 გრ მშრალი გრანულებიანი საფუარი ან 100 გრ დაპრესილი საფუარი

200მლ ზეთი

2,800-3,000კგ მდე ფქვილი ( ამ ბოლო დროს ფქვილს მეტს იზელს )

500-800 გრ ქიშმიში( როგორც თქვენ გიყვართ)

სანელებლები:

3ცალი მუსკატი (1 ს.კ)

30-40ცალი ილი ( 1.5 ს.კ)

მიხაკი და დარიჩინი თქვენი გემოვნებით ( მაქსიმუმ 1-1 ჩ .კ )

ჯინჯერი 1.ჩ.კ

მარილი 1.5 ს.კ

ვანილინი ( შაქრიანი 3 შეკვრა, უშაქრო 5 გრ)

3-4 ცალი ლიმონის ცედრა

ორი ფორთოხლის ცედრა

ცუკატები სურვილის მიხედვით

მომზადება:

ვაკეთებთ 10 კვერცხის გულისგან გოგლიმოგლს+ 500 გრ შაქარი (ცილას ვინახავთ)

900 მლ ცხელ რძეში გავხსნით 1 კგ შაქარს და 400გრ კარაქს+ მარილი

100მლ თბილ რძეში გავხსნათ საფუარი+1ს.კ შაქარი+ ფქვილი იმდენი რომ მივიღოთ არაჟნის მასა. დავდგათ ასაფუებლად(თუ საფუარი კარგია, მალე ამოფუვდება. თავზე მყარად არ ვაკრავთ რომ საფუარს მივცეთ საშუალება ისუნთქოს)

მომზადებულ გოგლიმოგლში ვურევთ 300 გრ არაჟანს და 400 გრ მაწონს

ათი კვერცხის ცილა ავთქვიფოთ გამაგრებამდე+ ვანილი (ცილას შაქარის გარეშე ვთქვიფავთ)

ზემოთ ჩამოთვლილ ოთხ მასას გადავურევთ ერთმანეთში

შევურევთ მზა ბეზეს!!!!

სადღაც 15 -20 წუთი დავასვენებთ, ბეზე გაიკეთებს ბუშტუკებს, ამოღუნღულდება.

ამოსულ ღუნღულა მასაში ჩავასხავთ 200 მლ ზეთს, გადავურევთ და დავამატებთ 3 კგ - ფქვილს ( ამ ბოლო დროს ფქვილის დამატება დაჭირდა მასას, მიახლოებით 500 გრ დაიმატა)

ცომს კარგად მოვზილავთ, დრო და დრო დავისვენებთ და დავასვენებთ ცომსაც.

თუ გვინდა რომ თავები არ დაუსკდეს, ორი სამი საათი იზილება ხელით. მაგრამ მე დახეთქილი თავები მიყვარს და არც ტექნიკურად გამართული ცომი არ მინდა ამიტომ ვზილავ 30-40 წუთი

აი ეს საყვარელი მასა რომ ამოვა, ჩავაყრით ფქვილში ამოვლებულ 500-დან 800 გრამამდე შავ ქიშმიშს , ვამატებთ ასევე სანელებლებს რომელსაც მე ერთი კვირით ადრე ვამზადებ

სამი ცალი მუსკატის კაკალი + შაფრანი ( ყვითელი ყვავილს არ ვგულისხმობ) + 30-40 ცალი ილი, დარიჩინი, მიხაკი, ჯინჯერი, დავფქვათ , (დაფქვილებიც იყიდება ვისაც გეზარებათ.მე ახალ დაფქვილის სურნელი მომწონს) 100 მლ კონიაკში ან რომში ჩავყაროთ. სანელებლები უნდა დავათროთ.

ეს მთვრალი სანელებლებიც ჩავაბრძანოთ ქიშმიშთან ერთად, + ლიმონის და ფორთოხლის ცედრა. კარგად გადავზილოთ. ზეთი დავიხმაროთ ზელვისას, მიახლოებით 100 მლ.

მოზელილ მასასისევ ვაცდით ცოტა ამოფუებას და ჩავაბრძანებთ ფორმებში! აქაც მოთმინება გვმართებს უნდა დაიწყოს ამოსვლა. მალევე ამოღუნღულდება და შეაკუსკუსეთ გახურებულ ღუმელში.

ტემპერატურა 160°- 165°, თუმცა მაინც საკუთარი ღუმელი გაიცანით.

ყველა პასკის წონას თავის ცხობის დრო აქვს. ესეც გაითვალისწინეთ.

თუ ყველაფერს გაითვალისწინებთ, სასწაული გემრიელი გამოდის.

პ.ს. ნუში და ქლიავის ჩირი აკვდება. სცადეთ, არ ინანებთ

ასევე შეგიძლიათ არაჟანი ჩაანაცვლოთ ნაღებით, როგორც გითხარით და კარაქი ერბოთი, ესეც საოცრებაა ან ორივე გამოიყენოთ თანაბარი რაოდენობით. შეგიძლიათ მოზელვისას 2 ს.კ არომატული თაფლი დაამატოთ.

სხვათა შორის, თაფლს რელიგიური დატვირთვაც აქვს პასკაში.

მოკლედ, ყველა საიდუმლო გამჟღავნებულია, აწი თქვენ იცით." - წერს ია მინდაძე ასათიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა