ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაასრულა
საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ფინეთის ქალაქ ვანტაანიდან დიდი გამარჯვებით დაბრუნდა.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით,საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 6 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და რაღა თქმა უნდა, საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრებმა ოქროს მედლები მოიპოვეს ყველა წონით კატეგორიაში, რომელშიც კი მონაწილეობდნენ. სულ შვიდი წონითი კატეგორიიდან ქართველმა ვაჟმა ძიუდოისტებმა ხუთში იასპარეზეს და ხუთივეში ოქროს მედლები მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ყველა ჩემპიონი ძიუდოს ფედერაციის პროგრამის „გამოწვევა 2020“-ის მონაწილეა, რომლის ხელმძღვანელია დავით ქევხიშვილი, ხოლო მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი. ფინეთში ევროპის ჩემპიონები გახდნენ: გიორგი თუთაშვილი (-66კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81კგ), ლაშა ბექაური (-90კგ), ილია სულამანიძე (-100კგ) და გელა ზაალიშვილი (+100კგ). კიდევ ერთი ოქროს მედალი საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57კგ) მოიპოვა, რომელიც ქართული ძიუდოს ისტორიაში ახალგაზრდებს შორის პირველი ევროპის ჩემპიონი ქალი ძიუდოისტია. ვერცხლის მედალი -81კგ-ში ვლადიმერ ახალკაცმა დაისაკუთრა. ხოლო ბრინჯაოსმედალოსნები გახდნენ: მარიამ ჭანტურია (-70კგ) და მიხეილ ბექაური (-90კგ).
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები,ულოცავს ამ შესანიშნავ გამარჯვებას ქართველ ძიუდოისტებს და ახალგაზრდული და ქალთა ნაკრების მწვრთნელებს ლაშა გუჯეჯიანს, გიგა ბოჭოიძეს, გიორგი თენაძეს, კახა მოცრაძეს და ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ გამარჯვებაში.
წყარო:pia.ge