2024 წელს, წინა წელთან შედარებით, საშუალო სკოლა თითქმის 12 პროცენტით ნაკლებმა მოსწავლემ დაასრულა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში 2 294 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის, 2 086 საჯარო და 208 კერძო.
საქსტატის ცობით, წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა ორი ერთეულით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.1%) იმერეთში ფიქსირდება. ამასთან, უწყების ანგარიშით, 2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 640.7 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 1.0 პროცენტით აღემატება.
საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89.0 პროცენტი სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში – 11.0 პროცენტი. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 48.3 პროცენტი გოგოა, ხოლო 51.7 პროცენტი – ბიჭი. რეგიონებს შორის ყველაზე მეტი მოსწავლე (35.8%) თბილისში სწავლობს. 2024 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 41.7 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 11.8 პროცენტით ნაკლებია.
დაწყებითი განათლება მიიღო 56.0 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.1 პროცენტით ნაკლებია, ხოლო საბაზო განათლება – 46.7 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით ნაკლებია. 2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 66.0 ათასი მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.7 პროცენტით მეტია. მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ. კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი – 87.5 პროცენტი, ხოლო კაცების წილი 12.5 პროცენტია.