აცრემლებული კრიშტიანუ რონალდუ - "დაუჯერებელია"...
ტურინის „იუვენტუსის“ სუპერვარსკლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ ბრიტანულ ტელეარხ ITV-ს ერთსაათიანი, საკმაოდ ემოციური ინტერვიუ მისცა და საკუთარი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. ერთ-ერთ მომენტში, პორტუგალიელს ვიდეოჩანაწერი აჩვენეს, რომელშიც მამამისი, ჟოზე დინიშ ავეირუ 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის წინ თავისი შვილის მიღწევებზე ლაპარაკობს.
რონალდუს მამა ალკოჰოლზე დამოკიდებული პიროვნება გახლდათ და 2005 წელს, 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინტერვიუში კი, რომელიც მას ნორვეგიულმა ტელეარხმა ჩამოართვა, ჟოზე დინიშ ავეირუ აცხადებს, რომ თავისი შვილის მიღწევებით ძალიან ამაყობს.
ვიდეოჩანაწერის ხილვა კრიშტიანუსთვის რთული აღმოჩნდა. პორტუგალიელმა ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა: „ეს ვიდეო არასდროს მინახავს. დაუჯერებელია“.
„მეგონა ინტერვიუ სახალისო იქნებოდა და ნამდვილად არ ველოდი, რომ ავტირდებოდი. ეს კადრები არასდროს მინახავს. ეს ვიდეო ჩემს ოჯახს აუცილებლად უნდა ვაჩვენო“.
„მამაჩემს კარგად არ ვიცნობდი. იგი ალკოჰოლზე დამოკიდებული პიროვნება იყო. მასთან ნორმალური დიალოგი არასდროს მქონია“.
დინიშ ავეირუს ბავშვობის მეგობრის თქმით, რონალდუს მამა ხშირად ტრაბახობდა, რომ მისი შვილი ერთ დღეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა.