მსურს ჩემი ნეშტის ნაწილი თბილისში და ნაწილი სოხუმში დაკრძალონ - ცნობილი ფეხბურთელის ნიაზ ძიაპშპას შვილის ანდერძი
მოსკოვში აფხაზური წარმოშობის ცნობილი ქართველი ფეხბურთელისა და მწვრთნელის ნიაზ ძიაპშპას შვილი თამაზ ძიაპშპა გარდაიცვალა. მას სიმსივნე ჰქონდა. თამაზის მეგობრის, წმინდა გიორგის ეკლესიის მოძღვრის მამა ალექსანდრე ბოლქვაძის ინფორმაციით, მან ანდერძად დაიბარა, რომ მისი ნეშტის ერთი ნაწილი თბილისში, ხოლო მეორე ნაწილი სოხუმში დაკრძალონ.
მამა ალექსანდრე და თამაზ ძიაპშპა ბავშვობის მეგობრები არიან და თბილისში ერთად გაიზარდენ. თამაზი თავს აფხაზად თვლიდა, ხოლო საქართველოს სამშობლოდ. მას თბილისში უამრავი მეგობარი ჰყავდა. სკოლის შემდეგ თამაზი სოხუმში გადავიდა სამუშაოდ, სადაც 10 წელი გაატარა, ხოლო ომის დროს, მამის გარდაცვალების შემდეგ, მოსკოვში გადავიდა.
"თამაზის თბილისელ თანაკლასელებთან და უბნის ბიჭებთან დიდი მეგობრობა აკავშირებდა. მისი ანდერძის მიზეზიც ეს არია - მას სურდა, რომ თბილისში მცხოვრები მეგობრები მის საფლავზე მივიდნენ, მისი ძმა ომარიც ხომ თბილისში ცხოვრობს. მას ძალიან უყვარდა ორივე ერი, ქართველები და აფხაზები მისთვის განუყოფელი იყო. ომის დროს ის თბილისში ჩავიდა და ამბობდა, რომ ვერც ქართველს მოკლავდა ვერასდროს და ვერც აფხაზს. ჯერ არ მაქვს ინფორმაცია, როდის ჩაიტანენ თამაზის ნეშტს თბილისში, ეს მნიშვნელოვანია, მიმაჩნია, რომ თამაზ ძიაფშიპას ნაირი ადამიანები გააერთიანებენ ქართველებს და აფხაზებს," - აცხადებს მამა ალექსანდრე.
- - - - - - -
ნიაზ (ნიაზბეგ) ძე ძიაპშპა (აფხ. Ӡаҧшь-Иҧа; (დ. 14 ნოემბერი, 1927, ოჩამჩირე, საქართველო — გ. 5 იანვარი, 1993, თბილისი, საქართველო) — აფხაზი თავადების შთამომავალი, თბილისის „დინამოს“ ცენტრალური მცველი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1952), საქართველოს სსრ დამსახურებული მწვრთნელი (1976).[1][2]ნიაზ ძიაპშპა გამოძახებული იყო სსრკ-ს მეორე ნაკრებში.სსრკ- ს პირველობის ვერცხლის (1951) და ორგზის ბრინჯაოს (1946, 1950) მედლების მფლობელი. ოთხჯერ დაასახელეს 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში (1948, 1949, 1951, 1952 წლებში). 1969-70 წლებში იყო დინამოს მწვრთნელი, ხოლო 1976-77 წლებში, როდესაც დინამო პირველად დაეუფლა სსრკ-ს თასს, გუნდის უფროსი.
წყარო:newposts.ge