თეგებით ძიება
23. 09. 2019 სპორტი

საქართველო vs უელსი - რამდენიმე წუთში ბორჯღალოსნები რაგბის მსოფლიო თასზე პირველ მატჩს გამართავენ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს, 23 სექტემბერს, 14:15 სთ-ზე, 2019 წლის მსოფლიო თასის პირველ შეხვედრას რეიტინგის ლიდერ უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ბორჯღალოსნები ჩემპიონატზე D ჯგუფში არიან განთესილები, რომელშიც ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მატჩი ცატარდა: ავსტრალიამ ფიჯი 39-21 დაამარცხა.
რეიტინგის ლიდერი პირველ მატჩში არასდროს გვყოლია მოწინააღმდეგე მხარეს, თუმცა "სასიხარულოა", რომ უელსელებს ყველაფერი დალაგებული არ აქვთ.
უელსის ნაკრებს შერკინების მთავარი მწვრთნელი იაპონიაში ყოფნისას მოუხსნეს და ბრიტანეთში დააბრუნეს. ეს დეტალი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იმ შემთხვევაში გახდება, თუ თამაშისას იწვიმებს. წვიმის დროს ძალიან ხშირია შეცდომა, ბურთის ხელიდან გავარდნა, რასაც შერკინება მოჰყვება და ეს ჩვენი ნაკრების წისქვილზე დაასხამს წყალს. თამაშის დროს ზუსტად იქნება თუ არა წვიმა, არ ვიცით, თუმცა ამინდის პროგნოზის მიხედვით, ტოიოტაში თამაშამდე უკვე იწვიმა და მოედანი სველი მაინც იქნება.
აღსანიშნავია ის, რომ უელსის ნაკრებმა "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ ძირითადი შემადგენლობა დააყენა. ყველაზე პოზიციაზე საუკეთესო ვარიანტი ჰყავს არჩეული უორენ გეთლანდს. მართალია, საქართველოს ნაკრებს გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე ვერ ეხმარება, თუმცა, მის გარდა, მილტონ ჰეიგმაც ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა.
მარტივად დასანახია, რომ არცერთი გუნდი არ აპირებს თავის დაზოგვას და ორივე ნაკრების მორაგბეები მოედანზე საბრძოლველად გამოვლენ.
საქართველო და უელსი აქამდე ერთმანეთს ერთხელ შეხვდნენ. 2017 წლის ნოემბერში უელსში გამართული შეხვედრა მასპინძლებმა 13:6 მოიგეს.
გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ მილტონ ჰეიგმა ამჯერად უელსის წინააღმდეგ შემტევი უკანა ხაზი დააყენა და rugby.ge-სთან საუბარში ამ გადაწყვეტილებას ასე ხსნის:
"უელსთან მოგება თუ გინდა, უნდა შეუტიო და ლელო გაუტანო. დაცვაზე ორიენტირებული უკანა ხაზი კი ამას ვერ გააკეთებს. სოსო მათიაშვილს, გიორგი კვესელაძეს და მირიან მოდებაძეს დიდი ხანია ვამზადებთ და უელსთან მატჩი მათთვის კიდევ ერთი შანსია, საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინონ."
ასევე, სათადარიგოთა შორის 8 მორაგბიდან 6 მორკინალი გახლავთ. საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ამაზეც აქვს პასუხი:
"თუ გვინდა, უელსს შევებრძოლოთ, მათი შერკინების ტოლ-სწორი შერკინება უნდა გვყავდეს. შეცვლაზე მყოფი ბექა საღინაძე და ოთარ გიორგაძე სწორედ ის მორაგბეები არიან, რომლებიც შეგიძლია სწორ დროს ჩართო თამაშში."

"ბორჯღალოსანთა" შემადგენლობა პირველი მატჩისთვის ასე გამოიყურება:

1. მიხეილ ნარიაშვილი (კ)
2. შალვა მამუკაშვილი
3. ბექა გიგაშვილი
4. გიორგი ნემსაძე
5. კოტე მიქაუტაძე
6. გიორგი თხილაიშვილი
7. მამუკა გორგოძე
8. ბექა გორგაძე
9. ვასილ ლობჟანიძე
10. თედო აბჟანდაძე
11. გიორგი კვესელაძე
12. თამაზ მჭედლიძე
13. დავით კაჭარავა
14. მირიან მოდებაძე
15. სოსო მათიაშვილი

სათადარიგოთა სკამი: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. შალვა სუთიაშვილი, 20. ბექა საღინაძე, 21. ოთარ გიორგაძე, 22. გელა აფრასიძე, 23. ლაშა ხმალაძე.










წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა