თეგებით ძიება

კრემიანი ვოლოვანი

ვოლოვანი ფენოვანი ცომისგან მომზადებული კალათებია, რომლის გულსართადაც შეგვიძლია ნებისმიერი კრემი, ხილი ან სულაც მხალეული, ხორცი და სოკო გამოვიყენოთ. დღეს გთვაზობთ მოხარშული კრემის გულსართიანი ვოლოვანის რეცეპტს.

ინგრედიენტები
ფენოვანი ცომი - 1 შეკვრა
კვერცხი - 1 ცალი, ათქვეფილი
კრემისთვის:
რძე - 300 მლ
კვერცხის გული - 3
შაქარი - 80 გ
ფქვილი - 40 გ
კარაქი - 20 გ
ვანილი - 1 შეკვრა
ტაბულა


მომზადების წესები
თასში ავთქვიფოთ კვერცხის გულები და შაქარი, დავუმატოთ ფქვილი.

ცალკე ქვაბში ავადუღოთ რძე და თასში ათქვეფილი მასა დავუმატოთ. დაბალ ცეცხლზე შემოვდგათ და კრემს გამუდმებით ვურიოთ, სანამ არ შესქელდება. შემდეგ ქვაბი ცეცხლიდან გადმოვდგათ და დავუმატოთ კარაქი.

სანამ კრემი შეგრილდება, მოვამზადოთ ფენოვანი ცომის კალათები. ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე. შემდეგ ჭიქის მეშვეობით გამოვჭრათ მრგვალი ფორმები, უფრო მომცრო ჭიქით კი – რგოლები. ცომის წრეებს წავუსვათ ათქვეფილი კვერცხი, ჩანგლით დავჩხვლიტოთ, რომ ცხობისას ძალიან არ ამოიბურცოს და ზემოდან დავაფაროთ ცომის რგოლი. თუ მაღალი კალათების გამოცხობა გვსურს, მაშინ კიდევ ერთი ან ორი რგოლი დავადოთ, ოღონდ ფენებს შორის და ზემოდანაც გათქვეფილი კვერცხი წავუსვათ, რომ ერთმანეთს კარგად მიეკრას და კალათები ლამაზი გამოვიდეს.

ცომის კალათები შევდგათ საშუალოდ გხურებულ ღუმელში გამოსაცხობად. დაახლოებით 15-20 წუთში, როდესაც კალათები ლამაზ ოქროსფერს მიიღებს, გამოვიღოთ გაზქურიდან.

შეგრილებული კალათები საკონდიტრო ტომრის ან კოვზის მეშვეობით ამოვავსოთ კრემით და მოვრთოთ ნებისმიერი ხილით. ამ შემთხვევაში ჩვენ გაყინული და წინასწარ გამლღვალი მაყვალი გამოვიყენეთ.

წყარო:gemrielia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა