სახეზეა უპასუხისმგებლობა და სამუშაოების არაჯეროვნად შესრულება - წერეთელი გელათის რესტავრაციაზე
ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელი, გელათის სამონსტრო კომპექსის გადახურვითი სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებაზე საუბრობს.
წერეთელის თქმით, ის სამუშაოები, რომლებიც ჩატარდა, არ იყო ჯეროვნად შესრულებული და დღეს ამ კულტურის ძეგლს ემუქრება დიდი საფრთხე. წერეთელი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, რომ დაინტერესდნენ ამ საკითხით და სრულფასოვნად მოახდინონ ამ კულტურული ძეგლის რესტავრაცია.
„ძალიან საგანგაშოა, როდესაც 7 წელი გავიდა გელათის ამ გადახურვითი სამუშაოების და სხვა სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებიდან და დღეს საუბარია იმაზე რომ აქ შესაძლებელია ფრესკები დაზიანდეს, არის აქ კუსტარულად, ბრეზენტით გადახურული ერთი ნაწილი სახურავის და როგორც საქმის მცოდნეები ამბობენ, თუ პროცესი გაღრმავდა, რათქმაუნდა, საფრთხე კიდევ უფრო დიდია.
საუბარია იმაზე, რომ მონიტორინგი იყო სუსტი, იქ შემსრულებელმა იმუშავა უხარისხოდ, მოკლედ, სახეზეა უპასუხისმგებლობა და სამუშაოების არაჯეროვნად შესრულება.
ამას ჭირდება დროულად, სწრაფად გამოსწორება, ვისაც ეს ეხება, ეს იქნება სააგენტო თუ კულტურის სამინისტრო თუ კონკრეტული შემსრულებელი. გელათს, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის უდიდეს ძეგლს, სულიერების კერას და საქართველოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტაძარს სჭირდება შველა ახლა, სწრაფად, რათა კიდევ უფრო რთულ მდგომარეობამდე არ მივიდეს საქმე.“ - განაცხადა წერეთელმა.
წყარო:newposts.ge