კორონავირუსის უკონტროლო გავრცელება - თბილისსა და იმერეთის რეგიონში დღეიდან რესტორნები, ყველა გასართობი დაწესებულება 22:00 საათამდე იმუშავებს
კოვიდ -19-ის რეკორდული მატება ქვეყანაში - თბილისსა და იმერეთის რეგიონში დღეიდან რესტორნები, ყველა გასართობი დაწესებულება 22:00 საათამდე იმუშავებს. რეგულაციის შემოღების მიზანი კორონავირუსის სწრაფი გავრცელების პრევენციაა. დაწესებული შეზღუდვის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას ფიზიკური პირისთვის 2 000 ლარს, იურიდიული პირისთვის 10 000 ლარს.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა, მათი ძირითადი სტრატეგია სწრაფი წერტილოვანი შეზღუდვებია, რომელსაც უნდა ჰქონდეს სწრაფი შედეგი.
„იმ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისსა და იმერეთში 16 ოქტომბრიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა 22:00 საათიდან შეიზღუდება. ეს მოგვცემს საშუალებას, ვირუსის გავრცელება შევანელოთ“, – განაცხადა გახარიამ.
შეზღუდვებს მონიტორინგს შრომის ინსპექციის სამსახური, სურსათის ეროვნული სააგენტო და შემოსავლების სამსახური, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო გაუწევენ.
წყარო:newposts.ge