კორონავირუსი გარდაბანში - სოფელ გამარჯვების სკოლასა და ბაგა-ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწყდა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლასა და ბაგა-ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწყდა.
აღნიშნული ინფორმაცია გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა გოგოლაძემ დაადასტურა. მისი განცხადებით, კორონავირუსი სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს, ჯამში 19 პირს დაუდასტურდა, რის გამოც სასწავლო პროცესი სრულად შეწყდა.
„საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა, რადგან კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა. ამ დროისათვის 19 დადასტურებული შემთხვევაა. დადასტურებულ შემთხვევებს კონტაქტები ჰქონდათ ბაგა-ბაღში, ამიტომ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი იქაც შეწყვეტილია. ინფიცირებულების ყველა კონტაქტი თვითიზოლაციაშია“, - განაცხადა მარინა გოგოლაძემ.
ცნობისთვის, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 52 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 11 გამოჯანმრთელდა.
წყარო:newposts.ge