კორონავირუსის პიკური რაოდენობა ჩვენ გვექნება ნოემბრის შუა რიცხვებში — იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების პიკური რაოდენობა, დაახლოებით, ნოემბრის შუა რიცხვებში იქნება. მისივე განმარტებით, ეს კარგია, რადგან იგი არ დაემთხვევა ზამთრის ვირუსების გავრცელებას.
"ქვეყანა სულ დაკეტილი ვერ იქნება, ამიტომ ქვეყანა გაიხსნა. კორონას გახსნილ ქვეყანაში ვერავინ ვერ აჩერებს, ხომ? აქედან გამომდინარე, გვაქვს ეს რეალობა, ქვეყანა არის გახსნილი, ქვეყანაში არის კორონა, მისი რაოდენობა მზარდია, კიდევ უფრო მოიმატებს და ექსპერტები რომ ლაპარაკობენ, კი ბატონო, სადღაც ნოემბრის შუა რიცხვებში ჩვენ გვექნება პიკური შემთხვევების რაოდენობა. მაგრამ, ჯერ ერთი, კარგია, რომ ჩვენი პიკური რაოდენობა შემთხვევების არ დაემთხვევა ზამთრის ვირუსების პიკურ რაოდენობას, რომელიც ჩვენ, ჩვეულებრივ, გვაქვს დეკემბრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში", — განაცხადა იმნაძემ TV პირველის ეთერში.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 278 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში 18 663 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამათგან 8 338 პაციენტი გამოჯანმრთელდა და 143 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 6 407 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836; კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები — 1 420.
წყარო:newposts.ge