მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა - გუგეშაშვილებზე თავდასხმაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გუგეშაშვილების ოჯახზე თავდასხმაში, დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობასა და ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ზ.მ-ს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - გამამტყუნებელი ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს:
„თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ნაფიც მსაჯულთა განსჯადი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა, დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და მისი შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ზ. მ-ს მიმართ.
საქმე ეხება, 2018 წლის 7 თებერვალს, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე საცხოვრებელ სახლში განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას, რა დროსაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, დამიზნებით რამდენჯერმე გაისროლა ჯერ დედის, ხოლო შემდეგ შვილის მიმართულებით და მათ სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. დაზიანებების შედეგად გრიგოლ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დოდო გუგეშაშვილს გადაუდებელი სამედიცინო ღონისძიებების შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე.
ნაფიცმა მსაჯულთა სასამართლომ სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულად მიიჩნია ზ.მ-ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენის ფაქტი.
მათ გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად, სათათბიროდ გასვლიდან ორ საათში მიიღეს და ბრალდებული ზ.მ. დამნაშავედ ცნეს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში.
ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და მას სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას“ - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ გუგეშაშვილებზე თავდასხმა მათსავე საცხოვრებელ სახლში, 2018 წლის 7 თებერვალს მოხდა. სროლის შედეგად დაიჭრა დოდო გუგეშაშვილი, მისი შვილი ნოდარ გუგეშაშვილი კი ადგილზე დაიღუპა.
წყარო:newposts.ge