მოქმედი საგანმანათლებლო სისტემა უნდა გაძლიერდეს არაფორმალური განათლებით - ხატია ქობალია, პარტია "რეფორმერის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
პარტია „რეფორმერის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია ქობალია არაფორმალური განათლების მნიშვნელობის შესახებ განცხადებას აქვეყნებს. როგორც ის აცხადებს, დღეს მოქმედი საგანმანათლებლო სისტემა ვერ პასუხობს თანამედროვე საზოგადოების გამოწვევებს და აუცილებელია მისი გაძლიერება არაფორმალური განათლებით, რომელიც ეფექტურია მრავალი თვალსაზრისით. სასწავლო უნივერსიტეტებმა უნდა დაიწყონ არაფორმალური განათლების შედეგების აღიარება და მისი დანერგვა მოქმედი სისტემების პარალელურად.
ხატია ქობალია: განათლება კონსტიტუციით მინიჭებული ფუნდამენტური უფლებაა, თუმცა დღეს განათლება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი არ არის. რაც ძირითადად განპირობებულია სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობით, სახელმწიფოს ნაკლები ჩართულობით. გარდა იმისა რომ განათლების უფლებით დღეს ყველა ადამიანი ვერ სარგებლობს, ასევე ხშირად ვაწყდებით მასთან დაკავშირებულ ძირეულ და სისტემურ პრობლემებს. სახელმწიფო სთავაზობს მოქალაქეებს განათლებას, თუმცა საკითხავია, რას სთავაზობს ან რა ფორმით.
დღეს, ჩვენი აკადემიური საგანმანათლებლო სისტემა არ არის მოქნილი, ის ცენტრალიზებულად იმართება და პრაქტიკულად არ არის თანხვედრაში იმ თანამედროვე მოთხოვნებთან, რაც კაცობრიობის წინაშე დგას. მას არ გააჩნია მექანიზმი, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდებს სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებაში. რაც თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და რეალიზების საშუალებას იძლევა. ფორმალური განათლება ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს იმ საჭირო ცოდნას, რასაც დღევანდელი სამუშაო ბაზარი ითხოვს. ფორმალური განათლება ორგანიზებული, თანმიმდევრული და დაგეგმილი პროცესია, რომელიც არ არის ყველაზე თანაბრად მორგებული და არ ითვალისწინებს თითოეული მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობლებს. სამწუხაროდ ყველას არ ეძლევა საკუთარი თავის გამოვლენის საშუალება, და ხშირად ინტელექტი, ნიჭი და შესაძლებლობები ფასდება მხოლოდ სილაბუსით გაწერილი დავალებების შესრულებით და არ ხდება მათი ძირითადი უნარების დაფასება.
ხატია ქობალია აღნიშნავს, რომ პარტია „რეფორმერის“ ხედვით, მხოლოდ აკადემიური საგანმანათლებლო სისტემები, სკოლა, უნივერსიტეტი, ვერ რეაგირებს საზოგადოებაში სწრაფ და მუდმივ ტექნოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ ცვლილებებზე და პარალელურად უნდა დაინერგოს არაფორმალური განათლების მოდელი : „განათლება მნიშვნელოვან როლს თამაშობს სახელმწიფოს განვითარებაში. განათლების სისტემა ცოცხალი ორგანიზმია, რომლის განახლება ფეხდაფეხ უნდა მისდევდეს განვითარების თანამედროვე ეტაპებს. მნიშვნელოვანია კლასიკურ საკლასო სივრცეშივე არსებული საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროგრამები, ადაპტირებადი სწავლის შესაძლებლობების, ახალი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის უზრუნველსაყოფად. იმისათვის, რომ კურსდამთავრებულს გაუადვილდეს გარემოსთან ადაპტაცია და მისი კვალიფიკაცია მოდიოდეს თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში, რაც შემდგომში დასაქმების პროცესს გაუადვილებს, აუცილებელია ტრადიციულ განათლებაზე დაფუძნებული ცოდნა გამყარებული იყოს არაფორმალური განათლებით, რაც ნიშნავს რომ ჩვენს სტუდენტებს უნდა მივაწოდოთ ადაპტაციის, ინიციატივისა და კრიტიკული რეფლექსიის უნარები. ხშირად გვინახავს რომ სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდილებისა და განათლების მქონდე სტუდენტები ვერ ახერხებენ დასაქმებას. ეს უკვე მათი ვერბალური კომუნიკაციის პრობლემაა და არა განათლების, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში მიიღეს. უხეშად რომ ვთქვათ ისინი ვერ „ყიდიან“ იმ აკადემიურ ცოდნასა და გამოცდილებას, რაც მიიღეს და ვერ ახდენენ მათ რეალიზებას. ზუსტად ამისთვის არის საჭირო არაფორმალური განათლების როლი, რომელიც ადამიანებს ეხმარება ისეთი უნარების განვითარებასა და შემდგომში მათ გამოყენებაში, როგორიცაა ჩართულობა, პასუხისმგებლობა, სოლიდარობა, დემოკრატიული ცნობიერება, მოტივაცია, ინიციატივის წარმოჩენის უნარი, კრეატიულობა, სხვისი დაფასება და პატივისცემა, ტოლერანტობა, ინტერკულტურული ცნობიერება, კრიტიკის უნარი, ინტელექტუალური თავისუფლება და დამოუკიდებლობა, თავდაჯერებულობა. მოლაპარაკებების წარმართვის, სოციალური და პროფესიული უნარ-ჩვევები.
როგორც ხატია ქობალია აღნიშნავს, ფორმალური საგანმანათლებლო სისტემები ვერ პასუხობს თანამედროვე საზოგადოების გამოწვევებს და შესაბამისად, აუცილებელია მისი გაძლიერება არაფორმალური საგანმანათლებლო პრაქტიკებით. არაფორმალური განათლება არის განათლების მოქნილი სახეობა, რომელიც უზრუნველყოფს ცოდნისა და დამატებით სხვა უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას მასში მონაწილე ჯგუფებისთვის. სასურველია სახელმწიფომ და შესაბამისმა ორგანოებმა არაფორმალური განათლება აღიარონ აკადემიური განათლების თანმდევ და სავალდებულო პროცესად. არსებობს სახელმწიფოები, სადაც საგანმანათლებლო პროცესი სრულიად მორგებულია არაფორმალური განათლების მოდელზე, (ავსტრალია, კანადა, დანია, ნორვეგია) ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ ამ მოდელების ერთობლივი და კოლაბორაციული შერწყმა, ერთი მეორეს არ გამორიცხავს და შედეგიც უფრო სასურველი დადგება, ვიდრე მხოლოდ სასკოლო და საუნივერსიტეტო პროგრამების დასწავლით.
არაფორმალური გარემო ასევე ხელს უწყობს და აადვილებს საკლასო პროცესის წარმართვას დაწყებით კლასებში, მაშინ როდესაც 6-7 წლის მოზარდს თვალი ისევ თამაშზე უჭირავს და რთულია მისი საათობით მერხთან გაჩერება და მობილიზება, აღნიშნული მოდელი ძალიან ეხმარება როგორც ბავშვებს ასევე მასწავლებლებს, რომ სწავლის პროცესი იყოს უფრო ნაყოფიერი და საინტერესო, ასევე შედეგის მომცემი ვიდრე რამდენიმე საათით ერთ მერხთან გაუნძრევლად ჯდომა. რაც ძალიან უშლის ხელს ბავშს კონცენტრაციაში და ხშირ შემთხვევაში მისთვის გაუგონარი შეზღუდვები შესაძლოა ამ პროცესს არასასურველს ხდიდეს.
არაფორმალური განათლების მიდგომების ეს მრავალფეროვნება უზრუნველყოფს მონაწილეებს კოგნიტური, ემოციური და სპეციფიკური კომპეტენციების და უნარ-ჩვევების შეძენას, ეხმარება ამოიცნონ და ენდონ საკუთარ ინსტინქტებს. არაფორმალური განათლების მიღების დროს ყველაზე ხშირად გამოყენებული მეთოდებია: ჯგუფური მუშაობა, დისკუსიები, პრეზენტაციები, როლური თამაში, ბრეინშტორმინგი, სიმულაციური თამაშები, გამაჯანსაღებელი ვარმ-აფები, შიდა და გარე აქტივობები, ინტერაქტიული ლექციები, რაც მონაწილეს ეხმარება საკუთარი თავის რეალიზებაში.
არაფორმალური განათლება სასარგებლოა მრავალი თვალსაზრისით. არაფორმალური განათლება ასევე ხელს უწყობს პირადი ურთიერთობების განვითარებას არა მხოლოდ ახალგაზრდებს შორის, არამედ მოზრდილებში. ეს ეხმარება ახალგაზრდებში ინტერპერსონალური უნარების განვითარებას, რადგან ისინი სწავლობენ კლასის გარეთ თანატოლებთან და მოზარდებთან ურთიერთობას.
უნივერსიტეტებმა უნდა დაიწყონ არაფორმალური განათლების დანერგვა და მათი შედეგების აღიარება, აკადემიური მიღწევების პარალელურად, რაც პირდაპირ აისახება შედეგებზე.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ როგორ გამოვიყენოთ ცოდნა. დიპლომი ავტომატურად განათლებას და მის ხარისხს არ ნიშნავს. ის მხოლოდ სტერეოტიპებისა და სტიგმის ნაწილია, რომელიც ადამიანს ვერ აფასებს ინდივიდუალურად. არაფორმალური განათლების პოპულარიზაციის მთავარი პრობლემა აკადემიურ განათლებასთან შედარებით მისი არაღიარებაა. არაფორმალური განათლების განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ინფორმაციისა და სტატისტიკის დეფიციტი. მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების მიღება, როგორც საგანმანათლებლო პროცესის განუყოფელი ნაწილის და იმ წვლილის დანახვა, რაც ამ საქმის განვითარებაში აქვთ არაფორმალურ საგანმანათლებლო ორგანიზაციებს - აცხადებს პარტია „რეფორმერის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია ქობალია.
წყარო:newposts.ge