თეგებით ძიება
27. 10. 2020 COVID - 19

რა მოხდება, თუ დღეში 4 000 ინფიცირებული გვეყოლება – ვართ თუ არა მზად ეპიდემიის განვითარების ყველაზე უარესი სცენარისთვის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება და ინფიცირების დღიური მაჩვენებელმა შესაძლოა, 4 000-ს მიაღწიოს. არის თუ არა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ამისთვის მზად?!

„პრაიმტაიმი“ ჯანდაცვის ექსპერტებს, ირაკლი სასანიასა და კოკა ფრუიძეს ესაუბრა.

– რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ დღეში 4 000 ინფიცირებულს მივიღებთ, არის თუ არა ჯანდაცვის სისტემა ამისთვის მზად?

ირაკლი სასანია: ვფიქრობ, რომ ჯანდაცვის სისტემა მზად არის. ყოველ შემთხვევაში, რაც ცხადდება იმ ციფრების მიხედვით ასეა. ბუნებრივია, პრობლემები იქნება, რასაც მოვერევით. რაოდენობა მნიშვნელოვანი არ არის, მნიშვნელოვანია შემთხვევების სიმძიმე.

კოკა ფრუიძე: თუ გავითვალისწინებთ, რომ ჰოსპიტალიზაცია ინფიცირებულების 20%-ს სჭირდება, ყოველდღიურად დაახლოებით 800 პაციენტი რომ მივიღოთ, ალბათ, ჩვენი ჯანდაცვის სექტორი ამას ვერ გაუძლებს. ვფიქრობ, რომ საწოლები არ ეყოფათ.

ვირუსი გაზაფხულ-ზაფხულში მთავრობამ იმ იმედით „დააკონსერვა“, რომ მომზადებულიყო შემოდგომა-ზამთრისთვის, ვირუსის მძიმე შედეგებთან უკეთ გასამკლავებლად. თქვენი დაკვირვებით, რა ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა ამ მიზნის მისაღწევად და იყო თუ არა ეს ნაბიჯები საკმარისად ეფექტური? რა შეცდომები იქნა დაშვებული?

ირაკლი სასანია: ჩვენ კიდევ პანდემიის პერიოდში ვართ და ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. მთავარია, რომ აქტიური მობილიზებაა – ბევრი კლინიკა გადაკეთდა კოვიდ-მიმღებად, ოჯახის ექიმები დატრენინგდნენ, სახელმწიფო სტრუქტურები სრულად მობილიზებულია. მულტისექტორული მიდგომებია – ეპიდემიასთან გამკლავება ჯერჯერობით, ხდება.

იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა არ მოხდეს და სამედიცინო სერვისების მიწოდება შესაძლებელი იყოს, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც ძალიან ფრთხილად ვიყოთ და დავიცვათ ყველა რეგულაცია.

კოკა ფრუიძე: უფრო აქტიურად უნდა მომხდარიყო პერსონალის გადამზადება. როგორც ოჯახის ექიმების, ასევე კლინიკაში მომუშავე მედ-პერსონალის, რომლებიც კოვიდის მკურნალობაში უნდა ყოფილიყვნენ ჩართულნი. ასევე, უნდა მოძიებულიყო კადრი, რომელიც დაჩქარებული წესით გადამზადდებოდნენ ინტენსიური მოვლის ექიმებად. ესაა, რაც არ გაკეთდა, დაშვებჯლი შეცდომებიც აქედან გამომდინარეა.

თავიდან, სანამ ​კოვიდის არსი გარკვეული არ იყო, ის მკაცრი ღონისძიებები ალბათ იყო გამართლებული. ამის გამო კოვიდი „შეჩერდა“, რაც ნამდვილად დადებითია, თუმცა, უფრო აქტიურად უნდა გამოგვეყენებინა დრო სამედიცინო კადრების მომზადებისთვის და მეორე ტალღის შესახვედრად.

– შევძელით თუ არა სამედიცინო ინფრასტრუქტურის ისეთ მოცემულობასთან შესაბამისად უზრუნველყოფა, როგორიც დღეში 4 000 და მეტი ინფიცირებული იქნება?

ირაკლი სასანია : თეორიულად არის, პრაქტიკაში ვნახოთ, რა როგორ იქნება.

კოკა ფრუიძე: ვერ შევძელით. მე არ ვარ კოვიდის მკურნალობაში მონაწილე ექიმი, აქედან გამომდინარე, მე ვიცი ის, რაც მესმის და ვხედავ.

– რა შეიძლება იყოს ეპიდემიის განვითარების ყველაზე უარესი სცენარი საქართველოსთვის?

ირაკლი სასანია: ამის თქმა ძალიან რთულია. არ მინდა, პესიმისტური პროგნოზები ვაკეთო. ვირუსი რაღაც პიკამდე მივა და შემდეგ დაიწყებს დაღმასვლას, როგორც სხვა ქვეყნებში …

ეს არის ვირუსი და განსაკუთრებული ტრაგიზმით არ უნდა შევხედოთ, ეს არის ვირუსი რომლის ირგვლივ ძალიან ბევრი რამ უცნობია, მაგრამ მიუხედავად ამისა, სხვა ქვეყნების მაგალითის გათვალისწინებით, (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ზელანდია) ყველგან კლებაა და რიგ შემთხვევებში, ახალი შემთხვევები აღარ ჩანს. ამიტომ, ჩვენ ამას პოზიტიურად და იმედით უნდა შევხედოთ.

კოკა ფრუიძე: როგორც ყველა სხვა ქვეყნისთვის – ახლა პიკი იწყება, რომელსაც ნოემბრის შუა რიცხვებში ელოდებიან, ყველაზე ცუდი სცენარი იქნება მაშინ, როცა ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა ბევრად მეტი აღმოჩნდება, ვიდრე გვაქვს რესურსი. აქვე იგულისხმება სიკვდილიანობის მაჩვენებლის გაზრდა. რაც უფრო მეტ პაციენტს დასჭირდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ინტენსიური მოვლა, გარდაცვლილთა პროცენტი უფრო გაიზრდება.

კვლავ აქტუალურია კითხვა – ვართ თუ არა მზად კორონავირუსის ანტირეკორდული შემთხვევებისთვის?!

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, გადამზადებულია 3900-ზე მეტი ექიმი, 2300-ზე მეტი მედდა და სანიტარი. ქვეყნის მასშტაბით, ტრენინგი 2044-ზე მეტ პირველად ჯანდაცვის დაწესებულებას ჩაუტარდა.

სულ გვყავს 17 990 ექიმი, მათ შორის 500-მდე ინფექციონისტი. რეანიმატოლოგი 1400-ზე მეტი, 14800-ზე მეტი კი ექთანი.

აქვე, მთავრობის გადაწყვეტილებით, სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადამზადდებიან და კოვიდის მართვაში ჩაერთვებიან.

წინა კვირის მონაცემებით, ​ქვეყანას 2453 სასუნთქი აპარატი აქვს მობილიზებული. უცნობია, მოხდა თუ არა მარაგის კვლავ შევსება.

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე კი აცხადებს, რომ საველე ჰოსპიტალების მობილიზება არ იგეგმება და ამას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში განიხილავენ.

„ძალიან ბევრი მიზეზია, თუ რატომ არ მიმდინარეობს ამის განხილვა. მაგალითად, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩვენი კულტურული მოთხოვნილებაა და ასევე, ჩვენი ემოციური მდგრადობა.

ყველა ქართველს აქვს მაღალი კომფორტის მოთხოვნილება და აქედან გამომდინარე, ვერ წარმომიდგენია ქართველი პაციენტი, რომელიც რომელიმე სტადიონზე შეიძლება განვათავსოთ. გარდა ამისა, ვიცით, როგორი მოწესრიგებული გვაქვს სტადიონების სივრცეები.

ვირუსის შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შესაბამისად, მოწესრიგებული სივრცეები, რომელიც საქართველოში არც თუ ისე ბევრი გვაქვს. გარდა ამისა, ქვეყანაში გვაქვს იმაზე მეტი საწოლების რაოდენობა, ვიდრე ეს ზოგადად, 3 მილიონ 700 000 სულ მოსახლეზე ესაჭიროება

ამ ეტაპისთვის კიდევ გვაქვს იმის რესურსი, რომ ჩვენი პაციენტები განვათავსოთ კომფორტულად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, საავადმყოფოებში. სანამ ჩვენ ბოლომდე არ ამოვწურავთ ამ რესურსს, არ გადავდგამთ იმ ნაბიჯს, რომ ჩვენი მოქალაქეები განვათავსოთ სტადიონებზე, ან სხვა სივრცეებში“, – განაცხადა ტიკარაძემ.



წყარო: primetime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა