არჩევნები უსაფრთხოა! - ცესკოს თავმჯდომარემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა
2020 წლის 31 ოქტომბერი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეები ახალი საარჩევნო სისტემის საფუძველზე მეათე მოწვევის პარლამენტს ავირჩევთ.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნებზე მისვლა უსაფრთხოა პანდემიის პირობებშიც კი, რადგან ჩვენ ვასრულებთ ყველა რეკომენდაციას თქვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის.
ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ამომრჩევლების და საარჩევნო პროცესის სხვა მონაწილეების ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით უპასუხა ყველა იმ გამოწვევას, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგში დააყენა. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ ამომრჩევლებმა არჩევანი თავისუფალ, გამჭვირვალე და უსაფრთხო გარემოში გააკეთონ.
31 ოქტომბერს, კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას.
ასევე აღსანიშნავია, რომ ამომრჩევლებს საარჩევნო უბანში ყოფნა მხოლოდ ცოტა ხნით უწევთ, რაც აღიარებულია, რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არ არის რისკის მატარებელი.
31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3657 საარჩევნო უბანი. მინდა აღვნიშნო, რომ ამ უბნებზე საარჩევნო პროცესი განხორციელდება დამოუკიდებლად და არ ექნება შეხება იმ საარჩევნო ღონისძიებებთან, რომელიც უზრუნველყოფს პანდემიის რისკ-ჯგუფის ამომრჩევლების მომსახურებას. შეგახსენებთ, რომ იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი. ასეთ უბნებზე ხმის მიცემის უზრუნველყოფა და შედეგების დათვლა მოხდება ცალკე, სპეციალური ჯგუფის მიერ.
ყველას გვახსოვდეს, რომ ამომრჩევლების ნება გადამწყვეტია და მათი არჩევანი კანონია! შესაბამისად, მინდა ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო აქტიურობისკენ და ვუთხრა, რომ არჩევნებში მონაწილეობა უსაფრთხოა მათი ჯანმრთელობისთვის!
წყარო:newposts.ge