ავსტრიის დედაქალაქში მომხდარ თავდასხმას მსხვერპლი მოყვა
ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის, კარლ ნეჰამერის განცხადებით, ვენაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თავდამსხმელი ტერორისტული დაჯგუფება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიმართ სიმპათიით იყო განწყობილი.
მისივე თქმით, თავდამსხმელი კარგად იყო შეირაღებული. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ასაფეთქებელი ქამარი, რომელიც მას ეკეთა, ყალბი იყო.
„გარდიანის“ ცნობით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ვენაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან სამართალდამცველების მობილიზება მოხდა.
ამასთან, ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იდენტიფიცირებულია ერთი თავდამსხმელი. ძალოვან უწყებაში ვარაუდობენ, რომ თავდასხმაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა.
ვენაში გუშინ მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული.
ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე გახსნა, მათ შორის ერთი სინაგოგის მიმდებარე ტერიტორია იყო. დაღუპულია ოთხი ადამიანი, დაშავებულია 15 პირი. ავსტრიის მთავრობა მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელთაგან ერთი მოკლულია, ერთზე ძებნა მიმდინარეობს.
კარლ ნეჰამერი მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ სახლიდან გასვლისგან, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისგან.