4 დაღუპული და 15 დაშავებული - უმძიმესი ტერაქტი ვენაში
წუხელ ღამის 1 საათზე ავსტრიის დედაქალაქ ვენაში რამდენიმე პირმა მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმა განახორციელა - დაღუპულია 4 და დაშავებულია 15-მდე ადამიანი.
თავდამსხმელებმა ცეცხლი 6 სხვადასხვა ლოკაციაზე გახსნეს. ავსტრიის კანცლერმა მომხდარს ტერაქტი უწოდა. ლიკვიდირებულია ერთი ტერორისტი. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ასაფეთქებელი საშუალება ე.წ. შაჰიდის ქამარი მოქმედებაში მოიყვანა. სამართალდამცველებმა უბანი ალყაში მოაქციეს, თუმცა დამნაშავეების აყვანა ვერ შეძლეს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ევროპის სხვადასხვა ქალაქში არა ერთი თავდასხმა განახორციელეს მშვიდობიან მოქალაქეებზე, რასაც უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია - 31 ოქტომბერს თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა ქალაქ ლიონის ერთ-ერთი ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე. მანამდე კი საფრანგეთის კიდევ ერთ ქალაქში ავინიონში დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს დაესხა თავს, რასაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა.
წყარო:newposts.ge