91 საათის შემდეგ, თურქმა მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვი ამოიყვანეს
იზმირის გუბერნატორის, სელიმ ქოშგერის ცნობით, ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვი 4 წლის აიდა გეზგინია. ის 107-ე ადამიანია, ვისი ცოცხლად გადარჩენაც შეძლეს მაშველებმა.
სამაშველო სამუშაოებში მონაწილე თვითმხილველის თქმით, ბავშვი ერთ-ერთი ჩამონგრეული ბინის ნანგრევებში, სარეცხი მანქანის გვერდით იყო მოყოლილი.
"თავიდან მისი ხმა რომ გავიგონე, დანარჩენ მაშველებს ვუთხარი. როცა მასთან მიახლოება შევძელით, ვკითხეთ სახელი და შეეძლო თუ არა ხელი დაექნია ჩვენთვის. მან საპასუხოდ ხელი აწია და დაგვიქნია", - აცხადებს მაშველი ნურსეთ აქსოი.
"როგორც ხედავთ, სასწაულები ხდება. აიდა გადარჩა და თავს კარგად გრძნობს. მიმდინარეობს გოგონას დედის ძებნა, ის ამ დრომდე ნანგრევებშია მოყოლილი. მაშველები თვლიან, რომ დედაც იმ ადგილთან ახლოს იქნება, საიდანაც აიდა ამოიყვანეს. როგორც ჩანს, ნგრევის მომენტში ისინი სააბაზანოში იყვნენ. მიწისძვრიდან 2 საათის შემდეგ, შევძელით მობილურზე დაკავშირება, მაგრამ მერე ტელეფონიც გაითიშა", - განაცხადა მცირეწლოვანის ბიძა, ანილ ჯენანმა თურქულ მედიასთან.
ექიმების თქმით, მცირეწლოვანი გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამაშველო სამუშაოებში ჩართულია 7 96 ადამიანი და 25 ძაღლი.
თურქული მხარის ცნობით, 6,6 ბალიანი მიწისძვრას 1 401 შედარებით სუსტი ბიძგი მოჰყვა, 44 მათგანი კი 4 მაგნიტუდაზე ძლიერი იყო.
სტიქიის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 994-მდე გაიზარდა, მათგან 884 საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს. 147 დაშავებული ამ დრომდე საავადმყოფოში მკურნალობს, მათგან 12 რეანიმაციაშია.
მიწისძვრის შედეგად დანგრეული 17 საცხოვრებელი კორპუსიდან, 12-ის ნანგრევებში მაშველებმა უკვე დაასრულეს მუშაობა.
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ ყველა დაზარალებული, ვინც საცხოვრებლის გარეშე დარჩა, ახალ ბინას მიიღებს.