4 წლის აიდა დედას ჭურჭლის სარეცხ მანქანასა და კარადას შორის ჩაუსვამს, ასე გადარჩა" - რას ჰყვება იზმირში მცხოვრები ქართველი სტიქიის შედეგებზე
თურქმა მაშველებმა რამდენიმე ათეული საათიანი ძებნის შემდეგ, 3 და 4 წლის გოგონები ნანგრევებიდან სრულიად უვნებლები გამოიყვანეს.
"სასწაული, სახელად აიდა" და "ბეტონზე ამოსული ყვავილი" - ასე უწოდებს თურქული მედია ცოცხლად გადარჩენილ მცირეწლოვანებს, რომლებმაც ნანგრევებში 91 და 65 საათი გაატარეს.
"3 წლის ელიფს, რომელსაც მაშველები 65 საათის განმავლობაში ეძებდნენ, მათ სახლის გეგმას მამა უხაზავდა, პოვნა რომ გაადვილებოდათ, თავადაც იქ იდგა, ბავშვი რომ გამოიყვანეს, ისეთი რეაქცია ჰქონდა, ცოცხალს აშკარად არ ელოდა და სრულიად უვნებელი რომ დაინახა, მუხლებზე დაეცა და სიხარულისგან გიჟივით ტირილი დაიწყო. როგორც ვიცი, იმ ბავშვის დედა საავადმყოფოში წევს. ოჯახის სხვა წევრების ბედი არ ვიცი. რაც შეეხება, 4 წლის აიდას,როგორც მითხრეს, გოგონას დედა დაეღუპა. გვამიც ამოიყვანეს უკვე... ყველა ტიროდა, როგორც თავის ახლობელს. ძალიან მძიმე სანახავი იყო. შვილი, შედარებით უსაფრთხო ადგილას ჩაუსვამს, ჭურჭლის სარეცხ მანქანასა და კარადას შორის, კუთხეში, ზემოდან კი კედლის ფილა სიბრტყეზე დაეცა.
როგორც კი გამოიყვანეს, დედა და საჭმელი მოითხოვა, აირა, ანუ დედი სახელი და კოფთე, (კოტლეტი) მინდაო. მერე წყალი მინდაო, თქვა... ძალიან შიოდა და წყუროდა. მართლა წარმოუდგენელია, 30 ოქტომბრის შუადღის შემდეგ, როგორ გაძლო ამდენი ხანი ასე, ამ მდგომარეობაში. მიუხედავად ამ სტრესისა, რომ გამოიყვანეს, იღიმოდა. მაშველი ჰყვებოდა, რაღაც ფაიფურის კოვზი მომხვდა ხელში, მტვრის მასა რომ გამეწმინდა და სწორედ მას ჩაავლო ხელი აიდამო... მუშაობის დროს, მაშველები და მოხალისეები სულ ყვირიან, რომ ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ხმა გააგონონ, აქ ვართ და თუ ვინმეა შეგვეპასუხეთო... მაშველი ისეთი ბედიერი იყო, ლოყაზე აკოცა, ეს ჩანს ფოტოზე. რომ გამოიყვანა. აიდა იღიმოდა, იმ მაშველ ბიჭს კი, მტვრიან და ჭუჭყიან სახეზე სიხარულის, ბედნიერების, ემოციების ცრემლები ღარებივით გასდევდა. აიდას ღიმილმა ყველანი შოკში ჩაგვაგდო. მასაც მამა დახვდა. ისიც მიცვალებულს ელოდა და წარმოუდგენელი ემოცია ჰქონდა. უამრავი ადამიანი გადაარჩინეს, მოხუცები, უფროსები, ბავშვების გადარჩენას სხვა ემოცია ჰქონდა. რამდენიმე დღის წინ ძაღლიც გადაარჩინეს, რომელიც თავშესაფარში გადაიყვანეს.
ახლახან, 14 წლის ბიჭი გადაარჩინეს. როდესაც დედა ელაპარაკებოდა, მაშინ მოჰყვა მიწისძვრაში და ტელეფონი ხელში შერჩა... ნანგრევებიდან დარეკა 112-ში, აქ ვარ, და ცოცხალი ვარო, ვიდეოც გადაიღო რა ხდებოდა მის გარშემო და გამოგზავნა. ისე იყო ჩაკეტილი ნანგრევებში, რომ მაშველებს იქაურობის გასაწმენდად, ახლოს მისასვლელად, ძალიან მძიმე სამუშაოს ჩატარება დასჭირდათ. მოზარდს ესმოდა მათი ხმა და ერთ-ერთ მაშველს ეხვეწებოდა, არსად წახვიდე, ჩემთან იყავი, არ მიმატოვოო", - ყვება "ამბები.ჯი-სთან" თურქეთში მცხოვრები ქართველი ნინო ჩალიკი.