„გადაგვიყვანეთ დისტანციურ სწავლებაზე! უკვე გვყავს გარდაცვლილი მასწავლებელი, მოსწავლე, 5 მოსწავლის მშობელი“
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მასწავლებელი ცაულინა მალაზონია მთავრობას მიმართავს და სკოლების განსაკუთრებულ კონტროლზე აყვანას თხოვს.
„ახალქალაქში კოვიდ-ტესტირება 200 ლარი ღირს?
დავირუსებული მასწავლებლები ორი კვირაა ელიან ტესტირებას?
ბატონო მინისტრებო, თქვენ რომ სუფთა გარემოში ვერ გადაურჩით ინფექციას და კომფორტულ თვითიზოლაციაში გადაინაცვლეთ, რეგიონებში რა ვქნათ, ბანკის კრედიტებით ვიტაროთ ტესტირება?
თუ გგონიათ, რომ სოფლის საჯარო სკოლებში მართლა საათივით არის აწყობილი ყველაფერი და უსაფრთხოების 100%-იანი გარანტიაა? გადაამოწმეთ!
უკვე გვყავს 30 წლის გარდაცვლილი მასწავლებელი დილიფიდან, 16 წლის მოსწავლე, 5 მოსწავლის მშობელი გარდაბანიდან…
აიყვანეთ სკოლები განსაკუთრებულ კონტროლზე, რადგან ეს არის ერთერთი ყველაზე ხალხმრავალი ადგილი, უზრუნველყავით უფასო და დროული ტესტირება სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის!
წინააღმდეგ შემთხვევაში გადაგვიყვანეთ დისტანციურ სწავლებაზე!“ – წერს ცაულინა მალაზონია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, სკოლებში სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ კორონავირუსი ათობით მოსწავლეს და მასწავლებელს დაუდასტურდა. გუშინ, 4 ნოემბერს კორონავირუსით 68 წლის ზუგდიდელი პედაგოგი გარდაიცვალა, 12 ოქტომბერს ბათუმელი პედაგოგი, 26 ოქტომბერს კი ვირუსი წალკაში, 65 წლის მასწავლებლის გარდაცვალების მიზეზი გახდა.
წყარო: https://progressnews.press/