თეგებით ძიება
05. 11. 2020 COVID - 19

მოგიწოდებთ ყველა დამსაქმებელს, თანამშრომლები ამუშავეთ სახლიდან - ვიცე-პრემიერი

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობა მოუწოდებს კერძო სექტორს, თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმში ამუშაონ, რათა კორონავირუსის გავრცელება შემცირდეს.

„ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები – მოქალაქეები, ბიზნესი, ყველა პოლიტიკური აქტორი. ყველა ჩვენგანის ამოცანაა, რომ დავიცვათ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, დავიცვათ ჩვენი თანამოქალაქეები და, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ეს ძალიან მარტივია, ამისთვის ჩვენ უბრალოდ უნდა დაცვიცვათ ყველა ის წესი, რომელიც არის დადგენილი, რომელიც არის აპრობირეული მთელ მსოფლიოში და ძალიან მარტივად შესასრულებელია.

ასევე შეგახსენებთ, რომ უკვე დიდი ხნის განმავლობაში მოქმედებს შეზღუდვა, რომლის ფარგლებში შეზღუდულია ათ კაცზე მეტის ჩართვა ისეთ სოციალურ ღონისძიებებში, როგორიც არის ქორწილი, დაბადების დღე, ქელეხი და ა.შ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ხალხმრავალი შეკრებები და ისეთი სტუმრიანობა, რომელიც საბოლოო ჯამში, ჩვენს სტუმრებს საავადმყოფოში მოათავსებს.

როგორც იცით, ასევე დიდ ქალაქებში 25 ნოემბრამდე ყველა სკოლა გადასულია დისტანციურ რეჟიმში და რა თქმა უნდა, ყველა ეს ღონისძიება მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ შევანელოთ ვირუსის გავრცელება. ასევე, უკვე მოვუწოდეთ ჩვენს საჯარო სექტორს, საჯარო სექტორში არის გაცემული მითითება, რომ მაქსიმალურად გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმში. ჩვენ უკვე მოვუწოდეთ კომერციულ სექტორსაც, ყველა ჩვენს დამსაქმებელს. მინდა, დღესაც გავიმეორო ეს მოწოდება და ყველა დამსაქმებელს გთხოვოთ – მაქსიმალურად მოვახერხოთ და ჩვენი თანამშრომლები ვამუშოთ სახლიდან“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

გარდა ამისა, მაია ცქიტიშვილი მოუწოდებს 70 წელს გადაცილებულ თანამოქალაქეებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ თავს და შეძლებისდაგვარად სახლში დარჩნენ.

„საჭიროა ელემენტარული წესების დაცვა, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ჩვენი ეკონომიკის სისტემა ფუნქციონირებდეს ნორმალურად, ამას, სხვა ალტერნატივა არ აქვს. ამიტომ, ჩვენ გავააქტიურებთ ყველა ამ დადგენილი წესის შესრულების კონტროლს, აღსრულების კონტროლს და, რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, ბუნებრივია, იძულებული ვიქნებით, გამოვიყენოთ შესაბამისი საჯარიმო სანქციები.

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ვირუსის გავრცელების შესაკავებლად აუცილებელია მობილობის დაგდება. ჩვენ ეს ვისწავლეთ, ასევე ვხედავთ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომელიც არის უშუალოდ მიმართული იმისკენ, რომ მოხდეს მობილობის შემცირება, შესაბამისად, ვირუსის გავრცელების შენელება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა