თეგებით ძიება

ეკონომიკური არასტაბილურობა, კონფლიქტი რეგიონში - რატომ იზრდება ფასები პროდუქტებზე

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილის განცხადებით, მსოფლიოში არსებული შემცირებული მოსავლიანობის, COVID-19-ის გამო მიწოდების ჯაჭვში არსებული ხარვეზების, არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობისა და რეგიონში საომარი მდგომარეობის გათვალისწინებით, ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდაა მოსალოდნელი.

როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში კოჭლამაზაშვილმა განაცხადა, მომდევნო თვეების განმავლობაში ფასები სავარაუდოდ შაქარზე, ზეთსა და ხორბალზე გაიზრდება.

“მსოფლიოში იმპორტი ძვირდება, რაც რამდენიმე ფაქტორით არის გამოწვეული, მათ შორის მოსავლიანობით და კოვიდით გამოწვეული ტრანსპორტის შეფერხებებით. ეს ჩვენთან კიდევ უფრო რთულად გადმოითარგმნება იქიდან გამომდინარე, რომ დამოკიდებულები ვართ იმპორტზე. ასევე ლარი უფასურდება, რაც კიდევ უფრო მაღალი წნეხის ქვეშ ამყოფებს ფასებს. აღსანიშნავია, რომ აგროსაშუალებებიც გაძვირდა, რაც ასევე იმპორტირებულია და რაც ადგილზე წარმოებულ პროდუქტებსაც აძვირებს. ესაა მიზეზი იმისა რომ ინფლაციაში საკვებ პროდუქტებს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.

სოფლის მეურნეობაში ფასების მერყეობაზე გავლენას 5 ფაქტორი ახდენს. პირველი – ეს არის მოსავლიანობა, რაც ამინდზეა დამოკიდებული და წელს მსოფლიოს გარკვეულ რეგიონებში, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქტების ძირითადი მიმწოდებლები არიან, გვალვაა. ასევე შეინიშნებოდა ტრანსპორტის და ლოჯისტიკის მიმართულებით გამწვავების ნიშნები. საწვავის დეფიციტი ჯერ არ არის. ასევე ერთ-ერთი ფაქტორია ეკონომიკური არასტაბილურობა და ომი. ეკონომიკურმა პროცესებმა გამოიწვია არასტაბილურობა, რეგიონში არის კონფლიქტი, რაც გარკვეულწილად გავლენას ახდენს რისკ-ფაქტორებზე და ეს აისახება საქართველოში საკვები პროდუქტების ფასებზე. ამიტომ სიტუაცია არ არის დამაიმედებელი და პროგნოზების გაკეთება რთულია.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს საკვების ინდექსი 4 თვის განმავლობაში იზრდება, რაც ნიშანია იმის, რომ ფასების მზარდი ტენდენციაა", – განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.

მისივე თქმით, ერთადერთი, რაზეც ფასები მცირდება, არის ხორცპროდუქტები, სხვა ძირითად საკვებ პროდუქტებზე – პურზე, ზეთზე, ხორბალზე ფასები იზრდება და ეს შემდეგ აისახება სხვა პროდუქტების ღირებულებაზეც.

რამდენიმე დღის წინ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალურმა დირექტორმა კუ დონჟუმ ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ შესაძლოა, პანდემიამ საკმარის საკვებზე წვდომა მსოფლიოში კიდევ 132 მლნ ადამიანს შეუზღუდოს, რაც ჯამში, 822 მლნ მოქალაქეა.

FAO-ს ორგანიზებით „ევროპის 32-ე რეგიონული კონფერენცია“ გუშინ დასრულდა, რომელშიც საქართველოც იღებდა მონაწილეობას.

წყარო: https://bm.ge/


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა