"გამიფრთხილდი - ვინც პირბადეს არ იკეთებს უშიშარი კი არ არის, ის არ უფრთხილდება მის გვერდით მყოფს"
“მინდა გავიხსენო ყველა ის ექიმი, რომელიც დაინფიცირდა პაციენტის სიცოცხლისთვის ბრძოლაში, გაუფრთხილებლობის გამო. მკურნალობა გააგრძელა რეანიმატოლოგმა, რომელიც თავადაც მკურნალობდა და პაციენტებსაც ეხმარებოდა. უნდა გაითვალისწინოს ყველამ, რომ არ არის ექიმების შესაძლებლობები განუსაზღვრელი.
ასეთი თავდადების მაგალითები ბევრი იქნება ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მე ვისურვებდი, არ დასჭირვებოდათ მათ ეს თავდადება, რადგან მისი სიცოცხლეც რისკის ქვეშაა და უნდა მოვუფრთხილდეთ.
ჩვენს კლინიკაში 90 წელს გადაცილებული 8 მოხუცი გვყავს უკვე გამოჯანმრთელებული და წარმატებით გაწერილი. საპენსიო ასაკის 65 პაციენტამდე გვყავს გამოჯანმრთელებული, ყველა ისინი დაავადდნენ ოჯახში, სადაც მიიტანეს ეს ვირუსი. ისინი გარეთ ნაკლებად მოძრაობდნენ. დაცულები რამდენად ვართ როცა დიდი თავშეყრის ადგილებში ვართ ეს არის მთავარი საკითხი? არავის არ ეშინია თითქოს ვირუსის და იმიტომ არ იკეთებს პირბადეს, მაგრამ უნდა გაითვალისწინოს თვითონ კი არ არის უშიშარი, ის არ უფრთხილდება მის გვერდით მყოფს, გამიფრთხილდი”, – განაცხადა “იმედის” ეთერში წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის დირექტორმა, ზურაბ უტიაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც საქართველოში სხვა პანდემიები იყო, მაშინაც ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ დისტანცირება იყო.
„ხდებოდა ოჯახების განრიდება, იზოლირება და ეს იყო და არის ერთადერთი გზა. როდესაც გავდივართ ქუჩაში, ვხედავთ, რომ ხშირად იგნორირებულია ნებისმიერი წესი, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს იმ დონეზე, რომ ჯაჭვს გავწყვეტთ.
გადატვირთულობის ხარისხი ვერაფრით ვერ შემცირდება და ეს არავის არ უნდა გაუკვირდეს. მსოფლიოს ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაართმევს თავს ისე ეფექტურად, რომ გადატვირთულობა არ იყოს. ამას უნდა შევეგუოთ. თითოეული ჩვენგანი უნდა ვიყოთ ფხიზლად და უნდა ვიცოდეთ, რომ თითოეული ექიმი ომშია! ჯარისკაცს ხომ არავინ ასამართლებს იმისთვის, როდესაც ის ომში დაიჭრება?! იგივეა როდესაც ექიმი ინფიცირდება. მოდით, გავუფრთხილდეთ ექიმებს, სისტემას. სისტემა როდის გაწყდება არავინ იცის. ეს ჩვეულებრივი მიმდინარე პროცესია, რომელიც შეიძლება მოხდეს, თუ რეგულაციებს არ დავიცავთ და ფხიზლად არ ვიქნებით“, - განაცხადა ზურა უტიაშვილმა.
წყარო: https://imedinews.ge/