თეგებით ძიება
06. 11. 2020 COVID - 19

3 სავალდებულო გამოკვლევა, რომელიც სასტუმროში მოთავსებულ ყველა პირს და ბინაზე დატოვებულთა ნაწილს ჩაუტარდება - თენგიზ ცერცვაძე

სასტუმროში მოთავსებულ ყველა პირს და ბინაზე დატოვებულთა ნაწილს სამი სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჯანდაცვის კლინიკური ჯგუფისა და უწყების პირველი პირის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ეს გამოკვლევებია: სისხლის საერთო ანალიზი, D-დიმერი და სატურაცია.

„შერჩევით, ეს აქამდეც ტარდებოდა, მაგრამ დღეიდან სავალდებულო და სისტემური იქნება. მინდა გითხრათ, რომ ევროპისა და ამერიკის არც ერთ ქვეყანას ასეთი ვალდებულება არ აქვს აღებული - რომ ბინაზე დატოვებულებს ეს სამი ძირითადი გამოკვლევა ჩაუტაროს“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მან აღნიშნული კვლევების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„D-დიმერის განსაზღვრა გაძლევს სიგნალს, აქვს თუ არა თრომბოებოლიური გართულების რისკი პაციენტს და როგორც იცით, რომ სიკვდილობის თითქმის მეოთხედი თრომბოებოლიური გართულებითაა განპირობებული; მეორე - სისხლის საერთო ანალიზი გაძლევს წარმოდგენას, რამდენად მძიმეა პროცესი და ხომ არაა ბაქტერიული გართულება და ხომ არაა საჭირო, მკურნალობაში ანტიბიოტიკების ჩართვა და სხვა საშუალებები; მესამე - სატურაციის განსაზღვრა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ის, ბინაზე დატოვებულთა შორის, არსად არ კეთდება. მისით განისაზღვრება, ჟანგბადდამოკიდებული ხომ არაა ბინაზე დატოვებული პაციენტი. შეიძლება ის ვერ გრძნობდეს, რომ ჟანგბადდამოკიდებულია და თავისუფლად სუნთქავდეს. ეს კოვიდს ახასიათებს, მაგრამ, შეიძლება სისხლში ჟანგბადის საკმარისი რაოდენობა არ იყოს. ასეთი პაციენტები დამძიმებისა და სიკვდილობის მთავარი რისკჯგუფია“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 51 993 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 37 019-ს შეადგენს. გარდაიცვალა 423 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

წყარო: imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა