კალაძის თქმით, ცესკოსთან დესტრუქციული ქმედებები "მელიამ და მისმა შპანამ" მოახდინა
მელია და მისი შპანა — ასე უპასუხა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტის კითხვას იმაზე, თუ ვინ დაიწყო გუშინ დესტრუქციული ქმედებები ცესკოსთან.
"მე, მგონი კარგად ჩანდა. მელია და მისი შპანა. ძალიან კარგად ჩანდა ყველაფერი", — განაცხადა კალაძე.
8 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მთავრობას სამი მოთხოვნა წამოუყენა და დრო რვა საათამდე მისცა. ისინი ხელახალ არჩევნებს, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მათთან კონტაქტზე მყოფმა ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ ხვალ შეხვედრა შესთავაზეს, რასაც არ დათანხმდებოდნენ. ეს კობახიძემ უარყო და ამტკიცებდა, რომ შეხვედრა ოპოზიციამ მათ შესთავაზა და ამას მხოლოდ პარტნიორების სურვილის შემთხვევაში დათანხმდებოდნენ.
რვა საათის შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ ცესკოსთან გადაინაცვლებდნენ და არავის მისცემდნენ შიგნით შესვლის ან იქედან გამოსვლის უფლებას. სანამ ოპოზიცია მსვლელობით მივიდოდა, ცესკოსთან რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელთა რაოდენობამ იზრდებოდა. ცესკოსთან მოხდა რამდენიმე დაპირისპირებაც, თუმცა მალევე აღმოიფხვრა.
ამის შემდეგ კი ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა, რომელმაც გაფრთხილების გარეშე დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღდეგ. აქციაზე გაუშვეს სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზიც, თუმცა შსს ამას უარყოფს. რაც შეეხება წყლის ჭავლს, ამას პროპორციულ ძალად მიიჩნევს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, აქციის დაშლისას 2 ადამიანი დაშავდა.
უფლებადამცველები, ყოფილი და მოქმედი სახალხო დამცველები კი აცხადებენ, რომ აქციის დაშლა ამ მეთოდით არაკანონიერი იყო და არღვევდა გამოხატვის თავისუფლებას. მათივე თქმით, ეს იყო სასტიკი და არაპროპორციული ძალა.
წყარო:On.ge