აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გვამებისთვის განკუთვნილ დამატებით 300 ჩანთას შეიძენს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 300 ცალ გვამებისთვის განკუთვნილ ჩანთას ტენდერის გარეშე ყიდულობს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ჩანთების ტენდერის გარეშე შესყიდვის გადაწყვეტილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო იქნა მიღებული.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში ტენდერით შეძენილი 150 გვამისთვის განკუთვნილი თანხა არასაკმარისი აღმოჩნდა, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოს განცხადებით მიმართა:
„ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა დაკრძალვის წესის თანახმად, ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, გარდაცვლილი თავსდება გვამის ჩანთაში. COVID19 ინფექციით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის მაჩვენებელი გაიზარდა, რისთვისაც არასაკმარისი აღმოჩნდა ელექტრონული ტენდერით შესყიდული რაოდენობა და დადგა საჭიროება შესყიდვისა“ - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს აჭარაში კორონავირუსის 411 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 5 პაციენტი გარდაიცვალა.
რაც შეეხება ინფექციით დაღუპულთა საერთო რაოდენობას ამ რეგიონში, მათი რიცხვი უკვე 193-მდე გაიზარდა.
წყარო:newposts.ge