დარჩი სახლში! ეს ერთადერთი გამოსავალია, რომ რომის შედეგი არ გავიმეოროთ
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა საზოგადოებას თხოვნით მიმართა, რომ თავი შეიკავონ ერთმანეთთან კონტაქტისგან და საზოგადოებრივ ადგილებში თავშეყრისგან.
მისი თქმით, ასე თუ გაგრძელდა, ცოტა ხანში პაციენტებს მომვლელი არ ეყოლება და თუ საზოგადოება მედიკოსებს არ დაუჯერებს, საქართველოს დაემართება იგივე, რაც იტალიას მოუვიდა.
"სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც ადამიანები ვართ. ჩვენც გაგვაჩნია რესურსი. ამიტომ ვიძახი ყოველთვის, რომ გვეშინია, ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ არ განიცადოს კოლაფსი. სულ მომყავს რომის მაგალითი. მათ გააჩნდათ უძლიერესი სამედიცინო სისტემა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გაუძლო რომის საუნივერსიტეტო კლინიკამ კოვიდინფიცირებულთა მართვას და იცით, რომ ჩამოიშალა. ასეთივე შედეგი დადგება ჩვენთან და შედარებაც არ შეიძლება რომის საუნივერსიტეტო კლინიკასა და ჩვენ შორის. როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ასევე ადამიანური რესურსით. საბედნიეროდ, დღემდე მოვედით, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა და საზოგადოებამ არ შეგვიწყო ხელი, არ გამოვა. სიცოცხლე უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა ლევან რატიანმა ”იმედის დილის” გადაცემაში.