"ფაშინიანი მოღალატეა, ყარაბაღი აზერბაიჯანს ჩააბარა, ნიკოლი უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან" - ერევანში მოსახლეობა სომხეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვს (ვიდეო)
ყარაბაღში ომის დამარცხებისა და ე.წ კაპიტულაციის აქტის ხელმოწერის შემდეგ, სომეხი მოსახლეობა ერევნის ქუჩებში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვს. მიტინგზე გამოაცხადეს, რომ იქმნება ეროვნული ხსნის კომიტეტი. დემონსტრანტებისგან პერმანენტულად ისმის შეურაცხმყოფელი შეძახილები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიმართ. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ დააპატიმრა აქციის ის მონაწილეები, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოხატავდნენ თავიანთ ნეგატიურ დამოკიდებულებას ხელისუფლების წინააღმდეგ.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკოსი, გარიკ ცარუკიანიც დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიცია ძალზე მკაცრად მოქმედებს - იყო აგრეთვე აგრესიულ მომიტინგეთა დარბევის ფაქტი ერევნის თავისუფლების მოედანზე. სომხეთის გენერალური პროკურატურა მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, რომ საომარი მდგომარეობის დროს თავი შეიკავონ აქციებზე გამოსვლებისგან.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერა ალიევთან და პუტინთან ერთად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი აზერბაიჯანს დაუთმო, მოსახლეობა მთავრობის სახლში შეიჭრა და დაარბია პრემიერ-მინისტრის კაბინეტი.
წყარო:newposts.ge